მთავრობის გადაწყვეტილებით, 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შეიზღუდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან უნდა შევიდეს. ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლის 1-ელი იანვრიდან.
„ჰაერის დაბინძურების საკითხი ყველას გვაწუხებს. ჩვენს ქალაქში, დედაქალაქში და ასევე მსხვილ ქალაქებში ძალიან დიდი პრობლემაა. დეტალური კვლევები გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა. მინდა მიღებული გადაწყვეტილება გაგაცნოთ. ჩვენ დიდი ხანია, რამდენიმე წელია საწვავზე სტანდარტი დავაწესეთ და ევრო 5-ის სტანდარტის საწვავი შემოდის საქართველოში. ამას მონიტორინგს მუდმივად უტარებს გარემოს ეროვნული სააგენტო. დიზელი იყო დარჩენილი, მივიღეთ გადაწყვეტილება და ევრო 5-ის სტანდარტის დიზელი შემოდის. ხარისხის რუტინულად შემოწმება ხდება. დღეს ერთი-ერთი მთავარი გამოწვევა რაც დარჩა არის ჰაერის დაბინძურება, რაც დაკავშირებულია ბევრ გაუმართავ ავტომობილთან. მოგეხსენებათ, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან და ვფიქრობთ, ეს ყველაფერი დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების ევრო 5-ის სტანდარტი შემოვიღოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან უნდა შევიდეს. ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლის 1-ელი იანვრიდან. ამაზე ჯერ კიდევ ვმსჯელობთ. ამ თარიღებიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ევრო 5-ის სტანდარტზე უფრო ცუდი ხარისხის ავტომობილი. მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში უკვე არსებულ ავტომობილებს, ისევე როგორც რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნებისთვის შემოსულ ავტომობილებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, გარემოს ეროვნული სააგენტო რეგულარულად ზომავს ჰაერის ხარისხს და ქვეყანაში ორი პრობლემური დამაბინძურებელი გამოიკვეთა, მყარი ნაწილაკები და აზოტის ორჟანგი.
„ბოლო 4 წლის განმავლობაში გაზომვების შედეგები გვაჩვენებს, რომ აზოტის ორჟანგით ჰაერის დაბინძურების უმთავრესი წყარო არის სწორედ ეს მოძველებული და გაუმართავი ავტოტრანსპორტი. ამ დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება მსხვილ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზესტაფონში, მარნეულში, ხაშურში, ახალციხესა და ჭიათურაში. აღნიშნული პრობლემა ყველაზე მძაფრად დედაქალაქში დგას, სადაც ყოველდღიურად ყველაზე მეტი ავტომობილი მოძრაობს. თბილისში ნორმების გადაჭარბება 25 -იდან 13 ლოკაციაზე ფიქსირდება და ამ ქუჩებზე გადაჭარბება ორჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას. ჩვენ გასულ წელს გავზომეთ ჰაერის ხარისხი და ბოლო პერიოდში გაზრდილია მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის მოცულობა და ამიტომ მას სჭირდება დროული რეაგირება. გადავხედეთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას. რეგიონში არცერთი ქვეყანა არ დარჩა, რომელმაც ევრო 5-ის სტანდარტზე არ გადაიყვანა ავტოპარკი. ეს რეგულაციები მანამდე უკვე შემოღებული აქვთ სხვა ქვეყნებს. მათ შორის ჩვენს მეზობლებს სომხეთსა და აზერბაიჯანში. ევროპაში დიდი ხანია ეს სტანდარტია დაწესებული,“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.