სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, აღნიშნული საკითხის რეგულირებისთვის პარლამენტში კანონპროექტი უკვე გაგზავნილია.

„საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს და ეს უფრო კომპლექსური საკითხია, ვინაიდან უკავშირდება ზოგადად ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და ქვეყნის იმიჯს და ა.შ. ეს არის სუროგაციის საკითხი. რამდენიმე ხნის წინ, ჩვენ დემოგრაფიის საკითხებზე მომუშავე საბჭო შევქმენთ. ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად, რაც გამოიკვეთა, ეს არის სუროგაცია და ზოგადად, ამასთან დაკავშირებული პრობლემები. იცით, რომ უცხოეთის მოქალაქეებს ბიზნესად აქვთ ქცეული ეს საკითხი და ბოლო წლებია, საერთოდ არავითარი რეგულაცია არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ შევისწავლეთ ევროპის მაგალითები. ამ თემაზე დიდი ხანი მუშაობდა ზურაბ აზარაშვილის უწყება. მინდა მაგალითები მოგიყვანოთ, ისეთი განვითარებული ქვეყნები, როგორც არის საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, შვედეთი, ფინეთი, იტალია, ლიტვა, ესტონეთი, აღარ გავაგრძელებ, სუროგაცია მთლიანად, სრულად არის აკრძალული. არსებობენ ქვეყნები, სადაც ეს ჰიბრიდული მოდელი ნაწილობრივ არსებობს, დაშვებულია ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ბელგია, გაერთიანებული სამეფო, დანია, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია.

ჩვენ ამის თაობაზე მსჯელობა გვქონდა. ახალი კანონპროექტის მიხედვით, ჩვენი სურვილია, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული ანუ უცხოეთის მოქალაქე ვეღარ შეუკვეთს, უხეშად არ მინდა ვთქვა, მაგრამ ხდება პირდაპირ შეკვეთის განთავსება. ეს ონლაინაც ხდება, ძალიან ბევრი რეკლამაც ვრცელდება და ვფიქრობთ, ძალიან შემაშფოთებელია ამ საკითხის რეგულირების გარეშე დატოვება. ამას წინათ, ჩვენ მთავრობის სხდომაზე გვქონდა მსჯელობა ამასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი რეკლამა ვრცელდება და ჩვენ მოქალაქეებს, ქალბატონებს სთავაზობენ ე.წ. სარფიან ბიზნესს. შემდეგ არავინ იცის, აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, საერთოდ რომელ წყვილს... არსებობს ინფორმაციები, რომ შეიძლება ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ აქ დაბადებული ბავშვები და უამრავი პრობლემა შეიძლება იყოს. სხვა სირთულეებსაც გადააწყდა ჩვენი უწყება, ჯანდაცვის სამინისტრო. ამიტომ, ამას სჭირდება რეგულირება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით,აღნიშნულის თაობაზე დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ჯანდაცვის სამინისტრო მოახსენებს.

„შესაბამისი კანონპროექტი გაიგზავნა პარლამენტში და იმედი მაქვს, პარლამენტი მხარს დაუჭერს ჩვენ ამ ინიციატივას. აუცილებელია დარეგულირდეს. ვიმეორებ, ეს მხოლოდ დაშვებული იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის. მე ვიცი, ბევრი მსურველია, ვისაც შვილი არ უჩნდება, ამიტომ მიმართავენ სუროგაციის მეთოდს და რა თქმა უნდა, მათთვის ეს უნდა იყოს დაშვებული, საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს დაეხმარება დემოგრაფიას და ზოგადად, ვფიქრობ, ეს შესაძლებლობა უნდა დავუტოვოთ ჩვენ მოქალაქეებს“.

მარინა ჩიტაშვილი - ხელისუფლების მიერ საქართველოში  რუსეთის მოწვევა და რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების სცენარი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია
ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით