ვაზიანის ბაზა არის სტრატეგიული დანიშნულების ადგილი თბილისის თავდაცვისთვის - იქ აეროპორტის მშენებლობა არის დამატებითი საჩუქარი კრემლისთვის,- ამის შესახებ განცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში გააკეთა.
მისივე შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს დუმილი ამ საკითხზე, არის უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.
აქუბარდიას ინფორმაციით, საკითხი ადრეც განიხილებოდა, თუმცა არ განხორციელდა.
„ვაზიანის ბაზა არის მნიშვნელოვანი, სტრატეგიული დანიშნულების ადგილი თბილისის თავდაცვისთვის და 2000 წლიდან მოყოლებული საქართველოს აქვს იქ სამხედრო ინფრასტრუქტურა, მიწები, რაზეც საუბარია, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილებაშია. ჩვენ არ გვითხრა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა, რა პოზიცია აქვს თავდაცვის სამინისტროს იქ სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ ყველა საერთაშორისო სწავლება, იქნება ეს ნატო-საქართველოს, თუ აშშ-საქართველოს, ტარდება ვაზიანის ტერიტორიაზე. იქვე არის სამხედრო აეროდრომი და სასროლეთი. საუბარია გადაწყვეტილებაზე, სადაც თავდაცვის უწყების პოზიცია უცნობია და მე მივმართე წერილობით მათ ამასთან დაკავშირებით და მოვითხოვ, იყოს პასუხი. ეს გადაწყვეტილება ასუსტებს ჩვენს შესაძლებლობას. ვაზიანი არის შესაძლებლობა, რომ სამხედრო ინფრასტრუქტურა განვითარდეს, ისევე როგორც ვაზიანიდან თბილისის დაცვა, საჭიროების შემთხვევაში, არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამიტომ ამ აეროპორტის მშენებლობის ვაზიანის ტერიტორიაზე განხილვა არის დამატებითი საჩუქარი კრემლისთვის და შეზღუდვა ჩვენი თავდაცვისუნარიანობის და სუვერენიტეტის. თავდაცვის სამინისტროს დუმილი ამ საკითხზე არის უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი,“ - განაცხადა აქუბარდიამ.
ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახალი აეროპორტი შესაძლოა, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე აშენდეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, 5 ივლისს, მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
„ჩვენი სურვილია, ამ პროექტის შესწავლაში ჩამოვიყვანოთ საუკეთესო პროექტანტები, მშენებლები, არქიტექტორები. ჯერ კარგად შევისწავლოთ ეს ადგილი და ამის შემდეგ მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.