პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი ბერაიას ემოციური მდგომარეობა იმის შესაძლებლობას არ აძლევს, რომ კომიტეტის სხდომა რეგლამენტის მიხედვით წარმართოს. აღნიშნული საკითხი აქუბარდიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დააყენა. მან პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მიმართა, რომ ბერაიამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომიდან გააგდო და მომხდარზე რეაგირება და შემდგომი პრევენცია მოითხოვა.
ამასთან, აქუბარდიას ინფორმაციით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის შეხვედრებისას, მას როგორც კომიტეტის წევრს, მოწვევა არ მიუვიდა, რაც კომიტეტის თავმჯდომარის ვალდებულება იყო.
„გამახსენდა, როცა საბჭოთა საქართველოში კლასიდან მაგდებდნენ ხოლმე. ამაზე სერიოზულად ვლაპარაკობ, რადგან პირველი შემთხვევა არ არის. ვითხოვე სიტყვა და ნორმალური არ არის, როცა კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის წევრს „მატყუარას“ ეძახის და ამაზე პასუხი გაცემის შესაძლებლობას არ აძლევს. როგორ უნდა ვიმუშაოთ ადამიანთან, რომელსაც ემოციურად გაწონასწორების შესაძლებლობა არა აქვს და ოპოზიციის წევრებს კომიტეტიდან პანტა-პუნტით ყრის. ეს სახუმარო საქმე არ არის. კრიტიკული და განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, მუშაობა უნდა შევძლოთ და პარლამენტს „ნუცას სკოლას“ ნუ დავამსგავსებთ.
მოხდეს საკითხი შესწავლა, რადგან ადგილი აქვს დეპუტატის საქმიანობაში ხელის შეშლას, როცა კრიტიკული არგუმენტების გამო ემოციებს ვერ აკონტროლებს და მანდატურებს დეპუტატების სხდომიდან გაძევებისკენ მიუთითებს. ეს არის ტენდენცია - იმის გამო, რომ მას ჩემი კრიტიკული პოზიცია არ მოსწონს, კომიტეტის შეხვედრებზე არ მეძახის, ხოლო შემდგომ მანდატურის ძალის გამოყენების მუქარით კარისკენ მიმითითებს. ეს პარლამენტში ადეკვატური საქმიანობა არ არის - შეიძლება „ნუცას სკოლაში“ ყოფილიყო“, - განაცხადა აქუბარდიამ ბიუროს სხდომაზე.
პასუხად პაპუაშვილმა აქუბარდიას მიმართა, რომ თუკი სკოლაში პედაგოგები მის მიმართ რაიმე დისციპლინურ ზომებს იღებდნენ, ალბათ იმსახურებდა. მისივე თქმით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ აქუბარდიას სხდომა იმიტომ დაატოვებინა, რომ სიტყვა მოცემული არ ჰქონდა და ამის მიუხედავად, საუბარს მაინც აგრძელებდა.
„თავმჯდომარეს შეუძლია სიტყვა არ მოგცეთ! მაინც აგრძელებდით საუბარს, ამის შემდეგ შენიშვნა ორჯერ თუ სამჯერ მოგცათ და შემდეგ სხდომის დატოვება გთხოვათ. რეგლამენტით ეს უფლებამოსილება იმიტომ არის გათვალისწინებული, რომ მშვიდი რეგლამენტირებული დისკუსია და საუბარი იყოს უზრუნველყოფილი. შესაბამისად, როცა ადამიანი საუბრობს ისე, რომ მისთვის სიტყვა მიცემული არ აქვთ, სხდომის თავმჯდომარეს ეს ერთადერთი ბერკეტი აქვს.
თუ ფიქრობთ, რომ უსამართლოდ მოგექცნენ, შეგილიათ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს მიმართოთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა თეონა აქუბარდიას პასუხად.
აღსანიშნავია, რომ აქუბარდია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.