ზურა გირჩი ჯაფარიძე საერთო რევოლუციურ მიმდინარეობას შეუერთდა - მისი ფანტაზიები არ შემოიფარგლება მხოლოდ ტანსაცმლის შემოძარცვით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ზურა ჯაფარიძის განცხადებას, რომ ნაკლები ალბათობაა, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიცია დაპირისპირების კერების გაჩენას ცდილობს და მათი ამოცანაა, საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.
„შექმნილია რევოლუციური კომიტეტი, რომლის ნაწილებსაც წარმოადგენენ სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები, მათ შორის, ზურა გირჩი ჯაფარიძე. მისმა აქცია-პერფორმანსებმა მაინც და მაინც ვერ იმოქმედა ვერც რუსეთის საწინააღმდეგოდ, რასაც გვთავაზობდა, როგორც მექანიზმს და ვერც პოლიტიკურ ველზე დამკვიდრდა, აქედან გამომდინარე, ის შეუერთდა საერთო რევოლუციურ მიმდინარეობას, რომლის მთავარი ამოცანაა, არ მიეცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი. მისი ფანტაზიები, რასაკვირველია, არ შემოიფარგლება მხოლოდ ტანსაცმლის შემოძარცვით, ახლა ახალი მოიგონა, რომ აუცილებლად უნდა იყოს სრული საბოტაჟი ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც შესულია ევროკავშირის 12 რეკომენდაციაში“, - განაცხადა ვოლსკიმ.
„გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ვარაუდით, ალბათობა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, დაბალია. ჯაფარიძის განმარტებით, თუ ქვეყანა სტატუს ვერ მიიღებს, ეს აღქმული არ უნდა იყოს, არც საქართველოსთვის და არც რუსეთისთვის, რომ დასავლეთის კარი საქართველოსთვის დაიხურა.
„ჩემი აზრით, ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და აღვადგინოთ მსვლელობა დასავლეთისკენ, ეს არის ამ ხელისუფლების ცვლილება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.