საზოგადოების ჩართულობამ და წინააღმდეგობის გაწევამ გარკვეული როლი ითამაშა - ჩვენ ვიქნებით ძალიან ყურადღებით, რომ რეპრესიული სივრცე პრაქტიკულად აღარ დარჩეს კანონპროექტში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. ამით დეკანოიძე გამოეხმაურა გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით აღარ განიხილავს.
მისი თქმით, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტზე უმრავლესობის წევრებმა შერბილებული პოზიცია დააფიქსირეს.
დეკანოიძე აცხადებს, რომ სასამართლოს გარეშე სამედიცინო დაწესებულება არ უნდა დაიხუროს.
"როგორც ჩანს, საზოგადოების ჩართულობამ და წინააღმდეგობის გაწევამ გარკვეული როლი ითამაშა, რადგან რაღაც საკითხებზე, რაც არის მნიშვნელოვანი ამ კანონპროექტში, პოზიცია იყო მეტწილად შერბილებული კომიტეტზე. ჩვენი ძირითადი მოსაზრება ეხებოდა იმას, რომ სასამართლოს გარეშე დაუყოვნებლივი დახურვა სამედიცინო დაწესებულების არ უნდა მომხდარიყო და დაჩქარებული წესით კანონპროექტის მიღებას ვეწინააღმდეგებოდით, რაზეც უმრავლესობის წევრებსაც ჰქონდათ შენიშვნები. როგორც ჩანს, ეს კანონპროექტი, რომლის დიდ ნაწილსაც მე არ ვეთანხმები, განხილვაში შეიძლება მეორედ შემობრუნდეს. ჯანდაცვის პაკეტის ასეთი დაჩქარებული წესით მიღება კიდევ უფრო გაზრდის წინასაარჩევნოდ ტერორს, კონკრეტულ კერძო კლინიკების. ჩვენ ვიქნებით ძალიან ყურადღებით, რომ რეპრესიული სივრცე შემცირდეს და პრაქტიკულად აღარ დარჩეს ამ კანონპროექტში", - განაცხადა დეკანოიძემ.
"ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით აღარ განიხილავს. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტზე განაცხადა, მიღებულია გადაწყვეტილება პროექტის სტანდარტული წესით განხილვის თაობაზე.
მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის საფუძველზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებების გაზრდა და ფუნქციების გაძლიერება იგეგმება.
"ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მაკონტროლებელ ორგანოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შესვლის, მასალის, ნივთის და ა.შ. გამოთხოვის შესაძლებლობა, ასევე საზედამხედველო ობიექტის (ან მისი ნებისმიერი ნაწილის) დათვალიერების, ხელშეუხებლობის მოთხოვნის, დალუქვის და ამოღების უფლებამოსილებები ენიჭება.