თუ სასამართლო რგოლი მოიხსნება, როგორ უნდა დაიცვას თავი ექიმმა სამედიცინო დაწესებულებამ? როგორ უნდა გაიგონ საფუძვლიანია, თუ არა მიღებული გადაწყვეტილება?! , - ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელიც ადამიანის უფლებათა კომიტეტზე განიხილეს.
ჯაფარიძე აცხადებს, რომ პოზიციები, რაც ადამიანის უფლებათა კომიტეტზე დაფიქსირდა, შერბილებულია, თუმცა საკითხს „ბოლომდე მიყვებიან“.
ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ცვლილებები პოლიტიკური მიზნებით შემოაქვთ და ის დაკავშირებულია საარჩევნოდ ადამიანების კონტროლთან.
"დღეს, მეორე კომიტეტზე, ცოტა შერბილებული იყო ტონი, მაგრამ ჩვენ ბოლომდე მივყვებით. თუ სასამართლო რგოლი მოიხსნება, როგორ უნდა დაიცვას თავი ექიმმა, სამედიცინო დაწესებულებამ, როგორ უნდა გაიგონ საფუძვლიანია, თუ არა მათი გადაწყვეტილება. ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიზებული კანონი - საარჩევნო წელი მოდის და მათთვის მნიშვნელოვანია გავლენა ჰქონდეთ ყველაზე და ყველაფერზე, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააშინონ. ეს კანონი არის სრულიად მიუღებელი. რასაკვირველია, უზენაესი არის პაციენტის უფლება და ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, მაგრამ რატომ ვივიწყებთ, რომ აქ არიან ექიმები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, რომლებსაც ასევე აქვთ უფლებები და ეს უფლებებიც უნდა იყოს დაცული", - განაცხადა ჯაფარიძემ.
"ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით აღარ განიხილავს. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტზე განაცხადა, მიღებულია გადაწყვეტილება პროექტის სტანდარტული წესით განხილვის თაობაზე.
მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის საფუძველზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებების გაზრდა და ფუნქციების გაძლიერება იგეგმება.
"ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მაკონტროლებელ ორგანოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შესვლის, მასალის, ნივთის და ა.შ. გამოთხოვის შესაძლებლობა, ასევე საზედამხედველო ობიექტის (ან მისი ნებისმიერი ნაწილის) დათვალიერების, ხელშეუხებლობის მოთხოვნის, დალუქვის და ამოღების უფლებამოსილებები ენიჭება.