საქართველოს პარლამენტი „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს. შესაბამისი განცხადება უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ მედიასთან გააკეთა.
მისი თქმით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა კრიტიკა არის სუბიექტური, არ გამომდინარეობს რეალური საფუძვლებიდან, ამიტომ საქართველოს პარლამენტი დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, გადაწყვეტილება საბოლოოდ იქნა მიღებული და ვეტო მიმდინარე კვირაში დაიძლევა.
„საქართველოს ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, ეროვნული ბანკის მართვა ხორციელდებოდეს სწორად. კომპეტენტური, დამოუკიდებელი კადრებით იყოს დაკომპლექტებული და მართვა იმ გამოწვევების შესაბამისად ხორციელდებოდეს, რაზეც ხშირად არის ხოლმე საუბარი: დევალვაცია, ინფლაცია, ფასების ზრდა და ა.შ.. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, უმრავლესობაც იზიარებს ამ პოზიციას, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო უნდა იქნას დაძლეული, საბოლოოდ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და ჩვენ მიმდინარე კვირაში ვეტოს დავძლევთ.
ერთადერთი განსხვავება, რაც არის ჩვენს პოზიციასა და პრეზიდენტის შენიშვნებს შორის ეს არის ეროვნული ბანკის პირველი ვიცე პრეზიდენტის საკითხი, სხვა განსხვავება პრეზიდენტის შენიშვნებსა და ჩვენს პოზიციას შორის არ არის. ამ ერთმა საკითხმა გამოიწვია კამათი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა კრიტიკა არის სუბიექტური, არ გამომდინარეობს რეალური საფუძვლებიდან, ამიტომ საქართველოს პარლამენტი დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
როგორც მდინარაძემ განმარტა, ისინი პრეზიდენტთან დისკუსიაში არ შედან, რადგან ეს სახელმწიფოსთვის სასარგებლო არ იქნება.
„ჩვენ რომ გულწრფელები ვიყოთ, პრეზიდენტის ამ ვეტო-ს მოტივაციაში, შეიძლება, ჩვენი პირობაც დავარღვიოთ ამ საუბრის დროს, რა პირობაც პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაში ავსახეთ, დავდეთ. მასთან [პრეზიდენტთან] არ შევდივართ დისკუსიაში მსგავს თემებზე, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არ არის დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე, სახელმწიფოსათვის სასარგებლო. აქედან გამომდინარე, მოდით, მის მოტივაციაზე ნუ ვილაპარაკებთ, ჩვენ ჩვენს მოტივაციაზე ვისაუბროთ. ძალიან კარგად ვიცით, როცა საუბარია ისეთ გადასაწყვეტ საკითხზე, რომელიც ინფლაციას, დევალვაციას, კურსს, ფასებს ეხება, არავის ახსენდება ეროვნული ბანკი, ყოველთვის ხელს იშვერენ ხელისუფლებისკენ. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ამაში გვაქვს, ამას არ ვერიდებით, მით უფრო, მაღალი მოტივაცია გვაქვს, ეროვნული ბანკი ისე დაკომპლექტდეს, რომ მათ პასუხისმგებლობა აიღონ მათი კომპეტენციის საკითხებზე. აქედან გამომდინარე, თუ ერთადერთი სადავო საკითხი რჩება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თემა. ვიცით, რომ პირველი მოადგილის თემა, პარლამენტიდან დაწყებული, ყველა უწყებაში აპრობირებული თემაა და მაინც და მაინც ეროვნულ ბანკში გახდა ეს საჯილდაო ქვა, რომელსაც უამრავი სპეკულაცია მოჰყვა. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ მეტი განსხვავება პრეზიდენტის შენიშვნებს, რომელიც ვეტოს მოაყოლა და ჩვენს პოზიციას შორის, არ არსებობს. ვალდებული ვართ, ეს საზოგადოებას ავუხსნათ, ამას ვაკეთებ მე ახლა და ამიტომ დავძლევთ კიდევ ერთ ვეტოს“, - განაცხადა მდინარაძემ.