არ ვიცი ეს არაპროფესიონალიზმით არის, თუ გარკვეული კონსპირაციული ფორმა ჰქონდა არჩილ მესტვირიშვილს - პროგნოზი არასწორად გაკეთდა, ვალუტის კურსზე იყო გარკვეული გაუგებრობა, მთავრობასთან შეუთანხმებელი ისეთი აქტივობებია ჩატარებული, რაც ნორმალურ პირობებში არ უნდა ტარდებოდეს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი ამ საკითხზე ექსპერტ ანდრო გვიდიანის მოსაზრებებს გამოეხმაურა, რომელიც არჩილ მესტვირიშვილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის სავალუტო ფონდის დავალებებს ასრულებს, ხოლო ფონდს მოსწონს, როცა ეროვნულ ბანკს „მათი აგენტი მართავს“. ვოლსკი აღნიშნავს, რომ აუცილებელია ეროვნული ბანკის საბჭო დროულად დაკომპლექტდეს.
„ექსპერტები როცა საუბრობენ, უფრო მეტის უფლებას აძლევენ თავს, რომ რადიკალური შეფასებები გააკეთონ. ჩვენ ვალდებულები ვართ, ფაქტებიდან გამომდინარე ვისაუბროთ და მართლაც, რომ გადახედავ ბოლო მონაცემებს, არ ვიცი ეს არაპროფესიონალიზმით არის, თუ გარკვეული კონსპირაციული ფორმა ჰქონდა არჩილ მესტვირიშვილს, მაგრამ ფაქტია, ფასების ზრდაზე, ეკონომიკის ზრდის ან შემცირების საკითხებზე, სავალუტო კურსზე, ინფლაციაზე საკმაოდ დიდი ბერკეტები გააჩნია ეროვნულ ბანკს, მაგრამ ეს მთავრობის პასუხისმგებლობას არ ხსნის, ამიტომ საბჭოს შემადგენლობა უნდა იყოს დროულად დაკომპლექტებული.
ნებისმიერ დაწესებულებაში, მითუმეტეს საკონსტიტუციო სტრუქტურაში უნდა არსებობდეს ადამიანი, ვინც პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ ხელში. რეალობა, რასაც ვუყურებთ და ანალიზი რაც გაკეთდა, საკმაოდ სერიოზული საფრთხეები შეიძლება წარმოიშვას და ეს უნდა გამოირიცხოს. მაგალითები მოყვანილია, რომ პროგნოზი არასწორად გაკეთდა ერთხელ, ვალუტის კურსზე იყო გარკვეული გაუგებრობა. ისეთი თემებია, რაშიც მთავრობაც არის პასუხისმგებელი და მასთან შეუთანხმებელი ისეთი აქტივობებია ჩატარებული, რაც ნორმალურ პირობებში არ უნდა ტარდებოდეს,"- განაცხადა ვოლსკიმ.