არმაზ ახვლედიანი - როცა კულტურას მართავს შავრაზმელი კომისარი, სახელად თეა წულუკიანი, რა თქმა უნდა, ის გვჭირს, რაც გვჭირს - მცდელობა, კულტურა პოლიტიკას დაუმორჩილო, მაჩვენებელია იმის, რა შავ დღეში ვართ

როდესაც კულტურას მართავს შავრაზმელი კომისარი, სახელად თეა წულუკიანი, რა თქმა უნდა, ის გვჭირს კინოცენტრში, რაც გვჭირს. კულტურის ასე გაპარტახება, ასეთი მცდელობა, რომ ის პოლიტიკას დაუმორჩილო, მაჩვენებელია იმისა, რა შავ დღეში ვართ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ქვეყანაში ზოგადად ყველა არჩევნები პოლიტიკას არის დაქვემდებარებული.

„ერთი რამ არის უდავო, ამას ადასტურებს, შორს რომ არ წავიდეთ, საქართველოს ბოლო 30 წლის პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ისტორია და გამოცდილება, რომ სიმართლე არის ის, რაც ჩემგან, ჩვენგან და თქვენგან დამოუკიდებლად არის სიმართლე. ეს არის ის, რომ დღეს, საქართველოში არ გაგვაჩნია დამოუკიდებელი, ობიექტური, სამართლიანი მართლმსაჯულება, რომ დღეს, პრაქტიკულად, ყველა დონეზე - იქნება ეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მისი თვითმმართველობა, თუ რექტორის არჩევნები, იქნება მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, პრეზიდენტის არჩევნები, თუ აკადემიკოსებისა, ყველაფერი პოლიტიკურ კონიუნქტურას არის დაქვემდებარებული, თავიდან ბოლომდე პოლიტიკას. საკმარისია ეს ერთი მოცემულობა, რომ დავრწმუნდეთ, სად არის სიმართლე და რა მწარეა ეს სიმართლე. როდესაც აცნობიერებ, რომ ახლა, როგორც ადრე, წინა მმართველობის დროს საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების უდიდესი ნაწილი ანუ მოხელეთა კლასი ჩურჩულით საუბრობს ერთმანეთთან, როცა საქმე ეხება პოლიტიკას, როცა მით უფრო შეიძლება არაერთს სურდეს ოპონენტი პარტიის წარმომადგენლების, თუ თავად პარტიის მხარდაჭერა ან მმართველი ძალის გაკრიტიკება და ამ დროს, არის დაშინებული. მე მინდა გკითხოთ, ნეტავ, რატომ, ხომ არ იცით? რატომ ეშინიათ ამ ადამიანებს ან რისი ეშინიათ ან რატომ არის ის, რომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში რადიკალურად შეიცვალა დამოკიდებულება იმ ტრენინგების, სემინარების მიმართ, სადაც ადრე ეს ადამიანები დადიოდნენ, გამოცდილებას იძენდნენ? - ვგულისხმობ დასავლურ ინსტიტუტებს. რა ხდება, ხომ ვერ მეტყვით? ან რატომ არის ის,რომ სუს-ი როგორც ადრე, ახლაც აკონტროლებს ყველაფერს და სჯის ოპონენტების მხარდამჭერებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სხვა ადამიანებს. ხომ ვერ ამიხსნით, საქმე რაშია ან რატომ არის, ბატონო თავმჯდომარევ, რომ პარლამენტის, რომლის თავმჯდომარეც ბრძანდებით, აპარატის თანამშრომლები ასევე ჩურჩულით საუბრობენ? აი, ისე, შესაძლოა თამამად ვერ გითხრან, რომ მოსწონდეთ, გულით აღიარებდნენ შენს პოზიციას - რაშია საქმე, ხომ ვერ მეტყვით? არ არის ეს იმის მანიშნებელი, რაც გვჭირს?“ - განაცხადა ახვლედიანმა.

ამასთან, მან კულტურის საკითხთან მიმართებითაც ისაუბრა.

„კულტურა, როგორც მანიშნებელი, პირდაპირი ინდიკატორია იმისა, რა ხდება ქვეყანაში. როდესაც კულტურას მართავს შავრაზმელი კომისარი დღეს, სახელად თეა წულუკიანი, რა თქმა უნდა, ის გვჭირს კინოცენტრში, რაც გჭირს. კულტურის ასე გაპარტახება, ასეთი მცდელობა, რომ ის პოლიტიკას დაუმორჩილო, მაჩვენებელია იმისა, რა შავ დღეში ვართ.

დაბოლოს, მაინტერესებს, მომავალ არჩევნებში საქართველომ რომ შედეგი მიიღოს 60% /40%-ზე ოპოზიციის სასარგებლოდ, ხართ თუ არა თქვენ მზად, რომ აღიაროთ ეს შედეგი?“- მიმართა არმაზ ახვლედიანმა საპარლამენტო უმრავლესობას.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა