ჩვენ ევროკავშირი გვთხოვს მურუსიძის სასამართლო „კლანის“ დაშლას, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ქვეყანას მართავს პოლიტიკური ძალა, რომელიც გეუბნებათ საქართველოს მოქალაქეებს, რომ თქვენი შვილების ევროპული მომავალი მათთვის მნიშვნელოვანი არ არის, იმიტომ, რომ მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია მურუსიძის სასამართლო „კლანი“, ოღონდ საკუთარი შვილები ამ ხალხს, ყველას, გაშვებული ჰყავს ევროპაში სასწავლებლად და საცხოვრებლად, ან ამერიკაში, რომელსაც მერე ლანძღავენ, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს „ქართულმა ოცნებამ" და „ხალხის ძალამ" გააჟღერა ორი მესიჯი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიძლება ვერ მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი, თუმცა სამადაშვილის განცხადებით, არც ერთი ეს გზავნილი სიმართლეს არ შეესაბამება.
„თქვენ დღეს პარლამენტში მოისმინეთ ორი პროპაგანდისტული ხაზი, ორი პროპაგანდისტული გზავნილი, რომელიც აპირებს, მოატყუოს საქართველოს მოქალაქეები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყანა წარუმატებელი კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში. ერთი დიდი ტყუილი, რომელიც მოვისმინეთ ქალბატონი ბოჭორიშვილის პირიდან ეს არის ის, რომ თითქოს ოპოზიცია, დამოუკიდებელი მედია და სხვები, აბრკოლებენ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს და მისი სრულიად ისტერიული ტონი კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ როგორც ჩანს, გზავნილები, რომლებიც მიღებული აქვს ხელისუფლებას იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსი არ იქნება წლის ბოლოს, არის თქვენთვის "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისთვის ძალიან დამაჯერებელი. რეალობა კი არის ის, რაც გითხრეს, ქალბატონ ბოჭორიშვილს და "ქართულ ოცნებას" ბრიუსელში- თუ გსურთ დაინახოთ მიზეზი, რატომ არ გაქვთ კანდიდატის სტატუსი, სარკე ახლოს მიიტანეთ სახესთან და კარგად შეხედეთ საკუთარ თავს. და მეორე, პროპაგანდისტული ხაზი "ქართული ოცნების" ქვედანაყოფის მიერ განვითარებული, რომ თითქოს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უარს თუ გვეტყვიან, ეს მოხდება იმიტომ, რომ ჩვენ ვიღაც გვთხოვს ქართულ ტრადიციებთან დაპირისპირებული ღირებულებების მიღებას ჩვენს საზოგადოებაში. როგორც ერთი, ასევე მეორე ხაზი არის მტკნარი ტყუილი. რეალობა არის ის, რომ ჩვენ ევროკავშირი გვთხოვს მურუსიძის სასამართლო კლანის დაშლას, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ქვეყანას მართავს პოლიტიკური ძალა, რომელიც გეუბნებათ საქართველოს მოქალაქეებს, რომ თქვენი შვილების ევროპული მომავალი მათთვის მნიშვნელოვანი არ არის, იმიტომ, რომ მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია მურუსიძის სასამართლო კლანი, ოღონდ საკუთარი შვილები ამ ხალხს, ყველას, გაშვებული ჰყავს ევროპაში სასწავლებლად და საცხოვრებლად, ან ამერიკაში, რომელსაც მერე ლანძღავენ",- განაცხადა სამადაშვილმა.
ის ასევე გამოეხმაურა ვენეციის კომისიის დასკვნას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ვიდრე „ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია, ქვეყანას ევროპული პერსპექტივა არ აქვს.
„მე მინდა ყურადღება მივაქციო ვენეციის კომისიის უპრეცედენტო დასკვნას, რომელმაც ცალსახად გვითხრა მარტივი რამ, რომ სანამ ეს უმრავლესობა მართავს დღეს საქართველოს ანუ სანამ ბიძინა ივანიშვილს მიტაცებული აქვს ისეთი ინსტიტუტები, როგორიც არის სასამართლო, პროკურატურა, პარლამენტი, დეოლიგარქიზაცია საქართველოში ვერ განხორციელდება და შესაბამისად, ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, როგორც ჩანს, "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში ვერ შესრულდება. სწორედ ამიტომ არის რომ ვამბობთ, თქვენი ხელისუფლების შეცვლის გარეშე, ევროპული მომავალი ჩვენს ქვეყანას ვერ ექნება",- განაცხადა სამადაშვილმა.