გივი მიქანაძე ოპოზიციას - საზოგადოება ნათლად გეუბნებათ, რომ არასოდეს გექნებათ ხელისუფლებაში დაბრუნების მცირე შანსიც კი, რადგან თქვენ მოქმედებთ სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების საზიანოდ

ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის მომავალია და მათთვის ღირსეული პირობების შექმნა, რაც დაკავშირებულია განათლების ხელმისაწვდომობასა და შემდგომ კარიერულ განვითარებასთან, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2022 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობამ 2023-2026 წლების ახალგაზრდობის სტრატეგია და 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

„სტრატეგია დაეფუძნა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის მიერ დამტკიცებულ 2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციას. სტრატეგია ხუთ ძირითად ამოცანას ეფუძნება: ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობას; ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაძლიერებას; ახალგაზრდების ეკონომიკურ გაძლიერებას; ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობას საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში და ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის სისტემის გაუმჯობესებას“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ 2022 წელს ინიცირება მოახდინა და პარლამენტმა მხარი დაუჭირა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს, რომლის თანახმად, უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, პროფესიული სასწავლებლის მეორე კურსის მსმენელებსა და ყველა დიპლომირებულ პირს 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან შესაძლებლობა მიეცა საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება გაიაროს, რაც მათ სამუშაო სტაჟში ჩაეთვლება.

„იმ ფონზე, რა საქმიანობაც ხელისუფლების მხრიდან ახალგაზრდების მხარდასაჭერად მიმდინარეობს, რას აკეთებს ოპოზიციის რადიკალური ფრთა ახალგაზრდების ხელშესაწყობად. სიტყვა ხელშეწყობის გამოყენება რადიკალურ ოპოზიციასთან მიმართებაში სრულიად ალოგიკურად ჟღერს, რადგან ბოლო პერიოდში განვითარებულმა არაერთმა მოვლენამ დაგვანახა, რომ რადიკალები ცდილობენ მცდარი ინფორმაციის გავრცელებით სრულიად არაადეკვატური აღქმა და წარმოდგენები ჩამოუყალიბოს ჩვენს ახალგაზრდებს, გამოიყენონ ისინი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, საკუთარი, ქვეყნის საწინააღმდეგო გეგმების განხორციელებაში, შთაუნერგონ ახალგაზრდებს სიძულვილის ენა. სწორედ ამ მიზნითა და ზრახვებით შეიქმნა „ფრანკლინის კლუბი“ და მსგავსი გაერთიანებები, რომლებიც შემდგომ კადრებით ამარაგებენ რადიკალური ოპოზიციის მიერ დაფუძნებულ ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა „სირცხვილია“, „დროა“ და სხვა მსგავსი სუბიექტები“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, რადიკალების მიზანია ახალგაზრდობას დაუკარგონ საკუთარი სახელმწიფოსა და ეთნოსის იდენტობა, რისი ნათელი დადასტურებაც იყო გასულ კვირას „ფრანკლინის კლუბის“ ერთ-ერთი სპიკერის მიერ ქართული დამწერლობის წინააღმდეგ წარმოებული აგიტაცია ვიდეო მიმართვის ფორმით.

მისივე თქმით, ეს ადამიანი ამტკიცებდა, რომ მსოფლიოში არსებობს ასობით დამწერლობა და რომ 14 დამწერლობა, რომელთა შორის ერთ-ერთი ქართულია, არის უბრალო მითი. მათ შორის, „ფრანკლინის კლუბის“ სპიკერი საზოგადოებას ეუბნებოდა, რომ ქართულ დამწერლობაში არაფერია განსაკუთრებული. მიქანაძის განცხადებით, ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართულ მცდელობას საზოგადოების უმწვავესი რეაქცია მოჰყვა, რის გამოც ვიდეო ყველა პლატფორმიდან წაშალეს.

„მოცემულ კონკრეტულ მაგალითში ნათლად ჩანს, ვის რა მიზნები ამოძრავებს და როგორი ფორმებით ცდილობენ ამ მიზნების მიღწევას. თუმცა, მთავარი ისაა, როგორ რეაგირებს ასეთ მცდელობებზე საზოგადოება. როგორც ფრანკლინის კლუბის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე საზოგადოების მხრიდან იყო შეუვალი, უმწვავესი რეაქცია, ასეთივეა საზოგადოების უდიდესი ნაწილის რეაქცია რადიკალურ ოპოზიციასა და მასთან დაკავშირებულ შენაერთებზე. საზოგადოება ნათლად გეუბნებათ, რომ არასოდეს გექნებათ ამ ქვეყანაში რაიმე ფორმით ხელისუფლებაში დაბრუნების მცირე შანსიც კი, რადგან თითოეული თქვენი ნაბიჯი ცხადყოფს, რომ თქვენ მოქმედებთ ჩვენი სახელწიფოსა და ხალხის ინტერესების საზიანოდ. ხელისუფლება კი გააგრძელებს ახალგაზრდობის კეთილდღეობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რადგან ახალგაზრდობა არის ის ძალა, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ხვალინდელი დღეა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის