მამუკა მდინარაძე - დეოლიგარქიზაციის შესახებ ევროკომისიის მიდგომა პერსონალიზებასთან დაკავშირებით არ გაიზიარა ვენეციის კომისიამ

ევროკომისიის მიდგომა პერსონალიზებასთან დაკავშირებით არ გაიზიარა ვენეციის კომისიამ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, თუ ევროკომისია იტყვის, რომ დეოლიგარქიზაციასთან მიმართებაში პერსონალიზება საჭირო არ არის, პარლამენტის მიერ მომზადებულ კანონს არ აამოქმედებენ.

„ევროკომისიის მიდგომა პერსონალიზებასთან დაკავშირებით და თავად ტერმინი (დეოლიგარქიზაცია), არ გაიზიარა ვენეციის კომისიამ, მიიჩნია, რომ პერსონალიზების გარეშე, სისტემური მიდგომით შესაძლებელია ამის აღმოფხვრა და ასეთი მოწოდებაც გაისმა. ახლა უნდა ჩამოვყალიბდეთ - ვუჯერებთ ევროკომისიას, რომელიც პერსონალიზებულ მიდგომას გულისხმობს თავის რეკომენდაციაში, მას ხომ არ დაუწერია, რომ კანონი უნდა მივიღოთ, დეოლიგარქიზაციისკენ მოუწოდა ქვეყანას, რეკომენდაცია ეს გასცა ხომ? კანონის მიღებამ პერსონალიზებასთან დაკავშირებული პრობლემა ვენეციის კომისიის აზრით ვერ აღმოფხვრა. ახლა ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუ ვენეციის კომისიის ამ პათოსს გავიზიარებთ, მაშინ საერთოდ არ უნდა შევეხოთ ასე პერსონალიზებულ საკითხს. შესაბამისად, მომავალი წლის პირველ მარტამდე არ ავამოქმედებთ კანონს, ხოლო თუ ევროკომისია იტყვის, რომ პერსონალიზება არ გვჭირდება, მაშინ ამ კანონს საერთოდ არ ავამოქმედებთ,“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, დღეს მიმდინარე მოვლენების პარალელურად თუ ვინმე იმას ამბობს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციებს არ ასრულებს, ის საქართველოს ევროპული მომავლის მტერია.

„დღეს თუ მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ამ ქვეყანაში ვინმე ამბობს, რომ ხელისუფლება არ ასრულებს რეკომენდაციებს, საქართველოს ევროპული მომავლის მტერია. წარმოუდგენელია, შეგწევდეს ძალა, დღეს რაც ხდება ამის პარალელურად, ამას ამბობდე. ვინც ამას ამბობს, სუბიექტური, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს და არ სურს ქვეყანამ სტატუსი მიიღოს,“ - აცხადებს მდინარაძე.

შეგახსენებთ, დეოლიგარქიზაცია ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ- ერთია. ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც მმართველმა გუნდმა კომისიას წარუდგინა, პერსონიფიცირებულია და არ უნდა იქნას მიღებული, ხოლო დეოლიგარქიზაცია უნდა განხორციელდეს არა პერსონიფიცირებული მიდგომით, არამედ სისტემური მიდგომით, რომელიც სხვადასხვა სფეროში შესაბამისი ცვლილებების მიღებას გულისხმობს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა