ეროვნული ბანკის საბჭოს შიგნით აღმასრულებელი და არააღმასრულებელი წევრები რას ნიშნავს? - ეროვნული ბანკის საბჭო პარლამენტად და მთავრობად დავყავით?! - ამას მართლა გულწრფელად ვერ ვხვდები და ვიღაცამ უნდა განგვიმარტოს! - აღნიშნული განცხადება ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე საუბრისას გააკეთა.
„შეიძლება ამ სფეროში რაღაც არ ვიცი - არ მგონია, რამე არ ვიცოდე, მაგრამ შეიძლება არ ვიცი და უკაცრავად... რას ნიშნავს ეროვნული ბანკის საბჭოში აღმასრულებელი და არააღმასრულებელი? - ე.ი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტებს აღმასრულებელ რგოლს არქმევენ ანუ ეროვნული ბანკის საბჭო მთავრობად და პარლამენტად დაჰყვეს. რას ნიშნავს აღმასრულებელი და არააღმასრულებელი?! და ასეც რომ იყოს და ეროვნული ბანკის საბჭო მთავრობად და პარლამენტად დავყოთ, ასეთ შემთხვევაშიც კი, რამდენიმე თვეში აღმასრულებლად მოხსენიებული ადამიანების რაოდენობა არააღმასრულებლად მოხსენიებულ საბჭოს წევრებზე ნაკლები რჩება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ინფორმაციისთვის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტისთვის წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებში განმარტავს, რომ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, გარკვეული პერიოდით საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში ცხრა წევრიდან ხუთი აღმასრულებელი იქნება, ხოლო ოთხი - არააღმასრულებელი წევრი. ამგვარად გარკვეული პერიოდში საბჭოს აღმასრულებელი და არააღმასრულებელ წევრთა შორის ბალანსი ირღვევა, რაც რისკის ქვეშ აყენებს ეროვნული ბანკის საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი ზედამხედველი ორგანოს როლს.
“აღნიშნულ რისკზე მიუთითებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი და შესაბამისი დარგის ექსპერტები“, - აცხადებს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.
სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე აცნობს.
პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა უმრავლესობის ინიციატივით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება. ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.
პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მოტივირებული შენიშვნები კანონის მოქმედი რედაქციის უცვლელად შენარჩუნებას გულისხმობს. პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა არ იქნას შემოღებული და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის დროს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის მიერ მისი მოვალეობის შესრულების საკითხი ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვიტოს.
პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებული კანონი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთი მოსმენით მიიღება. პირველ რიგში კენჭი სწორედ პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონს ეყრება. თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს არ მიიღებს, კენჭი კანონის პირვანდელ რედაქციას ეყრება.
კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.
მმართველი უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევისთვის ემზადება.