დავით უსუფაშვილი უმრავლესობას - „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს აწერია: „ჩვენ ვერაფერი ვისწავლეთ სააკაშვილის მიქარვებიდან და ჩვენც ისევე მივქარავთ“ - ვიცი, მტკივნეულია, მაგრამ კეთილი ვინებოთ და ამ ტკივილებს გავუმკლავდეთ

თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოვა გზებით და საშუალებებით, რაც ახლაა განზრახული, ეს იქნება გაგრძელება იმ მონოლითის, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ისევე ჩამოიქცევა, როგორც „ნაციონალებს“ ჩამოექცათ თავზე. მიხარია? - არ მიხარია! ბანკი ამ ვეტოს დაძლევით არ დაინგრევა, სახელმწიფო ფუნდამენტებს კი მორიგ ჯერზე ვაყანყალებთ , - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც კანონმდებლები „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი პრეზიდენტთან რომ შეთანხმებულიყო, ეს კანონპროექტი არ გაახსენდებოდათ.

„ეს კანონი პარლამენტში შემოვიდა, მაშინ, როცა მთავრობას გაუჩნდა განცდა, რომ შესაძლოა, ეროვნულ ბანკზე სრული კონტროლი დაეკარგა. პრეზიდენტთან რომ შეთანხმებულიყავით და კანდიდატი მოსულიყო, ეს კანონპროექტი არცერთს არ გაგახსენდებოდათ საერთოდ. ახლა გაგვახსენდა, ე.ი. რაშია საქმე? არანაირ ინსტიტუციურ ცვლილებაზე არ არის საუბარი, არანაირ ეროვნული ბანკის შიდა მართვის სისტემის ჩამოყალიბებასა და გაუმჯობესებაზე არ არის საუბარი. ერთადერთი რამეა, იქაც ის უნდა იყოს მმართველი, ვინც თქვენ გინდათ. რამდენჯერ უნდა ვნახოთ ერთი და იგივე კინო. ვიცი, როგორი მტკივნეულია ხელისუფლების წარმომადგენლების ყოველი შედარება წინა ხელისუფლებასთან. ვიცი, რომ მტკივნეულია. მაგრამ კეთილი ვინებოთ და ამ ტკივილებს გავუმკლავდეთ. დიახ, ზუსტად ასე იყენებდა პარლამენტს და კანონმდებლობას წინა ხელისუფლება. თუკი სადმე ვინმე და რამე არ მოსწონდა, მიდიოდა და აკეთებდა. გადაუვლიდა ყველაფერს. ამ კანონპროექტს აწერია ის, რომ ჩვენ ვერაფერი ვერ ვისწავლეთ სააკაშვილის მიქარვებიდან და ჩვენც ისევე მივქარავთ. დიახ, ეს აწერია ამ კანონპროექტს. იმისი მიქარვები ვნახეთ და ჩვენ გავაგრძელებთ, იმიტომ, რომ საძალაუფლებო ინტერესები უმაღლესია. იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფრის უფლება გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ახლა მთავრობასა და ხელისუფლებაში. ასე არაა მეგობრებო. ხელისუფლება არავის მოუცია თქვენთვის და ჩვენთვის, ის ჩვენ გვანდეს ქვეყნის საკეთილდღეოდ. მესმის, რომ მტკივნეულია, მაგრამ ასეა. იმიტომ, რომ ამით სისტემას ვანგრევთ. გვაღელვებს ის, ვინ იქნება ბანკის პრეზიდენტი. მეც მაღელვებს, ოღონდ ვინაობაზე მეტად მაღელვებს ის, როგორ მოვა ის ვიღაც ხელმძღვანელად. თუ მოვა ამ გზებით და საშუალებებით, რაც ახლაა განზრახული, ეს იქნება გაგრძელება იმ მონოლითის, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ისევე ჩამოიქცევა, როგორც „ნაციონალებს“ ჩამოექცათ თავზე. მიხარია? არ მიხარია! ბანკი ამ ვეტოს დაძლევით არ დაინგრევა, სახელმწიფო ფუნდამენტებს კი მორიგ ჯერზე ვაყანყალებთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს