დანამუსება და შანტაჟის ენით საუბარი არასწორია, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, კანონის მხარდაჭერით კიდევ ერთხელ დადასტურდება, ვის სურს კანდიდატის სტატუსის მიღება და ვინ მოქმედებს ამ მიზნის წინააღმდეგ.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, კანონი სრულად არ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც გვჭირდება, თუმცა წინგადადგმული ნაბიჯია და ამიტომაც აძლევს ხმას.
„ამ კანონს მე ხმას ვაძლევ არა იმიტომ, რომ ის სრულად პასუხობს იმას, რაც ჩვენ გასაკეთებელი გვაქვს, არამედ იმიტომ რომ რაღაცებს პასუხობს. ნამუსზე შეგდება, რომ ვინც ამას მხარს არ დაუჭერს ასეთია და ვინც დაუჭერს ისეთია, ეს არის ღრმად არასწორი დამოკიდებულება საკითხისადმი. ვინც ყველაფერი არ გააკეთა, რაც ამ საქმეში იყო გასაკეთებელი, დაფიქრდნენ იმაზე, როგორი ერთსულოვნებით შეგვეძლო გაგვევლო არამხოლოდ მართლმსაჯულების საკითხი და ბევრი სხვა საკითხი და რატომ ვერ გავიარეთ. დანამუსება და შანტაჟის ენით საუბარი არასწორია, ხმას იმიტომ არ ვაძლევ, რომ ბატონმა კობახიძემ მითხრა იმიტომ, რომ რაღაც წინ გადადგმული ნაბიჯია. ის არ არის რაც გვჭირდება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილს ირაკლი კობახიძემ უპასუხა და განაცხადა, რომ მისი განცხადებები ოპოზიციის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესისადმი დამოკიდებულებას აჩვენებს.
„ეს აჩვენებს დამოკიდებულებას იმ პროცესის მიმართ, რაც უკავშირდება კანდიდატის სტატუსის მიღებას. როდესაც არ გაქვს რეალური შენიშვნები პაკეტთან დაკავშირებით და მაინც აცხადებს, რომ პუნქტი არ სრულდება, ეს ახასიათებს იმ დამოკიდებულებას, რაც ახასიათებს მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას და ამის ერთ-ერთი წარმომადგენელია დავით უსუფაშვილი. ეს არის ღრმად არასწორი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სამშობლოს ინტერესების მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციისთვის, პარლამენტმა “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა, რომელიც ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების ფარგლებში მომზადდა.
კანონის პროექტი 83-ხმით (ერთი წინააღმდეგი) მესამე მოსმენით მიიღეს.