პარლამენტმა საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
საკითხი საპარლამენტო სესიაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ წარადგინა.
პაატა კვიჟინაძის თქმით, მომავალ წელს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი 68 მილიონ 733 ათასს ლარს შეადგენს.
„2024 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება განსაზღვრულია 146 მლნ 203 ათასი ლარის, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2024 წლის ბიუჯეტი - 20 მლნ 107 ათასი ლარის ოდენობით",- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
აღნიშნული საკითხი სესიამდე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი განიხილავს და დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომდევნო წლის ბიუჯეტს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად.