გიორგი ვაშაძე - მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს ჭიათურაში მაღაროელების სამართლიანი მოთხოვნები

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ჭიათურაში მაღაროში დასაქმებულების მოთხოვნები სრულიად სამართლიანია და დაუყოვნებლივ საჭიროებს მოგვარებას.

„უკვე რამდენიმე დღეა ჭიათურაში მაღაროელები საპროტესტო აქციას მართავენ. პროტესტის მთავარი მიზეზი ძველი სამუშაო გრაფიკის დაბრუნება და ღირსეული სამუშაო პირობებია. ყველამ კარგად იცის, რა მძიმე პირობებში მუშაობენ ჭიათურის მაღაროში ადამიანები, მათ ყოველდღიურად უწევთ საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება და სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება, ამიტომ მათი მოთხოვნები სრულიად სამართლიანია და დაუყოვნებლივ საჭიროებს მოგვარებას.

სამწუხაროდ, არც პარლამენტში, არც ტელევიზიებში ხელისუფლების არცერთი წარმომადგენლისგან არ მომისმენია რაიმე განცხადება ამ საკითხზე. მოვუწოდებ, ხელისუფლებას დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს ამ ადამიანების სამართლიანი მოთხოვნები. ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ჭიათურელ მაღაროელებს!“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება