ჩვენ ვდგავართ უკრაინის სახელმწიფოს, ხალხის გვერდით და გამარჯვებას ვუსურვებთ ამ მძიმე ბრძოლაში - არახამია უკრაინელ ხალხს არ წარმოადგენს, მისი ჭკუის სასწავლებელი ქართველ ხალხს, საქართველოს და მის ხელისუფლებას არაფერი სჭირს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ რუსული აქტივები, რომელიც მთელ მსოფლიოში არის გაყინული, უკრაინის აღდგენას მოხმარდება და კარგი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა მსგავსი სოლიდარობა.
ღუდუშაური არახამიას ურჩევს, სათქმელი ქართულ ენაზე უთხრას საქართველოს.
„არახამიას ვუპასუხებდი, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, ქართველი ხალხი არის ამაყი, დიდი ისტორიის მქონე და არახამია, სანამ საქართველოს და მის ხელისუფლებას რაიმეს ურჩევს და მტკიცებით ფორმაში ჭკუას დაგვარიგებს, იქნებ ეს გვითხრას ქართულად.
ომში მყოფ ქვეყანასთან მიმართებით, ჩვენი პოზიცია მკაფიოა. ჩვენ ვდგავართ უკრაინის სახელმწიფოსთან და უკრაინელ ხალხთან ერთად, ვუსურვებთ უკრაინას ამ მძიმე ბრძოლაში გამარჯვებას, უკრაინელ ხალხს გამარჯვებას ვუსურვებთ და დროულ სტაბილურ მშვიდობას, როგორიც არის უკრაინელი ხალხის და სახელმწიფოს ერთობაში და მათ ინტერესებში. თუმცა, არახამია არ წარმოადგენს უკრაინელ ხალხს და უკრაინას მთლიანად. მისი ცალკეული შეფასებები, სუბიექტური მოსაზრებები ყველასთვის ცნობილია და მისი ჭკუის სასწავლებელი საქართველოს, ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას არაფერი სჭირს,"- განაცხადა ღუდუშაურმა.
რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებით, საქართველოში უამრავი რუსული აქტივია და კარგი იქნებოდა, თუ საქართველოს ხელისუფლება მათი გაყინვით სოლიდარობას გამოიჩენდა. ამასთან, არახამიას თქმით, უკრაინაში აცნობიერებენ, რომ ახლა საქართველოსგან მსგავსი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ. "მთელს მსოფლიოში არის გაყინული რუსული აქტივები, რომლებიც დროთა განმავლობაში გამოყენებული იქნება უკრაინის აღდგენისთვის. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოშიც უამრავი რუსული აქტივია და კარგი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა მსგავსი სოლიდარობა. თუმცა, ვიცით რომ ამ ეტაპზე ამის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. კარგად გვესმის, რომ თუ მჭიდრო ურთიერთობებს დავამყარებთ კანადასთან, რომელშიც ფართოდ არის განვითარებული წარმოება, ეს საქართველოსთვისაც კარგი მაგალითი იქნებოდა ისეთი საზოგადოების ფორმირებისთვის, რომელშიც ადამიანებს აქვთ კეთილდღეობა, საუკეთესო განათლება და სამედიცინო მომსახურება. იმედი მაქვს დასკვნებს გამოვიტანთ, როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის",- განაცხადა არახამიამ.