ერთადერთი ვისი აქტივებიც მახსენდება, ეს არის ელენე ხოშტარიას შემოსავლები რუსეთის ბიუჯეტიდან, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსული აქტივები, რომელიც მთელ მსოფლიოში არის გაყინული, უკრაინის აღდგენას მოხმარდება და კარგი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა მსგავსი სოლიდარობა.
პაპუაშვილის თქმით, თუ ვინმეს ამ მიმართულებით რამის გაკეთა სურს, პირველ რიგში ხოშტარიას „ჯიბეში რუსული ფული“ უნდა გაყინოს.
„ერთადერთი, ვისი აქტივებიც მახსენდება ეს არის ელენე ხოშტარიას შემოსავლები რუსეთის ბიუჯეტიდან. მე მგონი ერთმანეთს იცნობენ, დაუკავშირდნენ და გაყინონ რუსეთიდან რუსული ფულის გადმორიცხვები ელენე ხოშტარიას ჯიბეში. ამიტომ ვინმეს თუ რამე უნდა, პირველი, მე მგონი ეს საკითხია და დაიწყონ ამით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებით, საქართველოში უამრავი რუსული აქტივია და კარგი იქნებოდა, თუ საქართველოს ხელისუფლება მათი გაყინვით სოლიდარობას გამოიჩენდა. ამასთან, არახამიას თქმით, უკრაინაში აცნობიერებენ, რომ ახლა საქართველოსგან მსგავსი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ. "მთელს მსოფლიოში არის გაყინული რუსული აქტივები, რომლებიც დროთა განმავლობაში გამოყენებული იქნება უკრაინის აღდგენისთვის. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოშიც უამრავი რუსული აქტივია და კარგი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა მსგავსი სოლიდარობა. თუმცა, ვიცით რომ ამ ეტაპზე ამის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. კარგად გვესმის, რომ თუ მჭიდრო ურთიერთობებს დავამყარებთ კანადასთან, რომელშიც ფართოდ არის განვითარებული წარმოება, ეს საქართველოსთვისაც კარგი მაგალითი იქნებოდა ისეთი საზოგადოების ფორმირებისთვის, რომელშიც ადამიანებს აქვთ კეთილდღეობა, საუკეთესო განათლება და სამედიცინო მომსახურება. იმედი მაქვს დასკვნებს გამოვიტანთ, როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის",- განაცხადა არახამიამ.