შალვა პაპუაშვილი - აშშ-ის ელჩის განცხადება, თითქოს უკრაინული კანონი იყო გამოწვეული ვენეციის კომისიიდან, არასწორი აღმოჩნდა და ხელი შეუწყო დეზინფორმაციულ ნარატივს, გააღრმავა პოლარიზაცია

რადიკალური ოპოზიციის დეზინფორმაციულ ნარატივს გარკვეულწილად ხელი შეუწყო აშშ-ის ელჩის არასწორმა ინფორმაციამ, თითქოს ვენეციის კომისიიდან უკრაინული კანონი გამოწვეული იყო - ელჩის მაშინდელმა განცხადებამ ცუდი როლი შეასრულა და პოლარიზაციის გაღრმავებას შეუწყო ხელი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, დადასტურდა, რომ ელჩის მიერ გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია სწორი არ იყო.

„ჩვენ ვამბობდით, რომ უკრაინის კანონი ვინაიდან იყო ვენეციის კომისიის განსჯის საგანი, ვაპირებდით, დავლოდებოდით უკრაინის კანონზე ვენეციის კომისიის მოსაზრებას. გახსოვთ, შარშან ატეხილი პანიკა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, გინდა თუ არა ჩვენც უნდა წარვადგინოთო. არადა, ზუსტად ასლი იყო უკრაინული კანონის. ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ დაველოდებოდით. სამწუხაროდ, აშშ-ის ელჩმაც განაცხადა მაშინ, თითქოს უკრაინული კანონი გამოწვეული იყო ვენეციის კომისიიდან და არ იქნებოდა ამაზე დასკვნა. გუშინ აღმოჩნდა, რომ ეს ინფორმაცია არ იყო ზუსტი, რაც სამწუხაროა. მაშინ, ამ რადიკალური ოპოზიციის დეზინფორმაციულ ნარატივს გარკვეულწილად ხელი შეუწყო აშშ-ის ელჩის არასწორმა ინფორმაციამ, თითქოს გამოწვეული იყო უკრაინული კანონი. სამწუხაროდ, მაშინდელმა განცხადებამ თავისი ცუდი როლი შეასრულა და ზიანი მიაყენა პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის პოლარიზაციის გაღრმავებას შეუწყო ხელი, რეპუტაციული ზიანი მიაყენა ქვეყანას, თითქოს აქ ჯიუტი ხელისუფლება, რომელიც კანონპროექტს ვენეციის კომისიაში რატომღაც არ წარადგენს. არადა, რასაც ვამბობდით, ის დადასტურდა გუშინ, რომ ველოდებოდით უკრაინულ კანონს, შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს კანონი გამოწვეული იყო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება