თუ ევროკომისია გაიზიარებს ვენეციის კომისიის მიდგომას იმასთან დაკავშირებით, რომ პერსონალიზებული კანონი არ არის საჭირო და თუ ამოიღებს ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის თაობაზე 12 პუნქტიდან, ამ შემთხვევაში, ჩვენ ამ კანონს აღარ ავამოქმედებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონსა და ვენეციის კომისიის შეფასებაზე საუბრისას განაცხადა.
კობახიძე მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისია და ევროკომისია ამ საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის და ამასთან, აცხადებს, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს მმართველი პარტიის ინიციატივა არ იყო.
„პირველ რიგში, ბოდიში უნდა მოვუხადოთ რადიკალურ ოპოზიციას, რომ საპარლამენტო სამუშაო რეჟიმი ვერ მოვარგეთ მათი დასვენების რეჟიმს, ძალიან დიდი ბოდიში ამისთვის. თურმე ისვენებდნენ მაშინ, როდესაც დღის წესრიგში იყო შეტანილი ეს საკითხი. კეთილი უნდა ინებოს ყველა დეპუტატმა და ბოლომდე უნდა დაესწროს პარლამენტის მუშაობას. გუშინ, როდესაც ეს საკითხი გადიოდა, ერთადერთი დეპუტატი რადიკალური ოპოზიციიდან იყო წარმოდგენილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში, რაც აჩვენებს იმას, თუ როგორია მათი დამოკიდებულება 12 პუნქტის მიმართ და კანდიდატის სტატუსის მიმართ. რაც შეეხება თვითონ შინაარსს - ჩვენი იდეა არ იყო ამ კანონის მიღება, მოგეხსენებათ ეს იყო ევროკომისიის იდეა. ეს არის 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილი. თუ ევროკომისია გაიზიარებს ვენეციის კომისიის მიდგომას იმასთან დაკავშირებით, რომ პერსონალიზებული კანონი არ არის საჭირო და თუ ამოიღებს ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის თაობაზე 12 პუნქტიდან, ამ შემთხვევაში ჩვენ ამ კანონს აღარ ავამოქმედებთ. ვენეციის კომისია ამბობს ერთს და ევროკომისია ამბობს მეორეს. თუ ევროკომისია დაეთანხმება ვენეციის კომისიას, ამ შემთხვევაში, ჩვენ ამ კანონს აღარ ავამოქმედებთ და თებერვალში გაუქმდება ჩვენივე მიღებული კანონი“,- განაცხადა კობახიძემ.