ცუდია, რომ თავის დროზე აშშ-ის ელჩმა შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, როდესაც თქვა, რომ თითქოს, უკრაინული კანონი ვენეციის კომისიიდან გამოწვეული იყო - აღმოჩნდა, რომ ეს ტყუილი უთხრეს ელჩს და შემდეგ მან საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უკრაინული კანონის გამოწვევის თაობაზე აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მხრიდან არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რაც „ერთადერთი შემთხვევა არ არის“.
„არ ვიცი, ვინ მოატყუა ელჩი. ყოველ შემთხვევაში მისი მხრიდან არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რაც სამწუხაროა. ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის - გახსოვთ, რომ მან ასევე არასწორი ინფორმაცია გაავრცელა „ამერიკულ კანონთან“ დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ვიღაცას საკმაოდ ხშირად შეჰყავს ელჩი შეცდომაში და ამ შემთხვევაშიც მისგან გავრცელდა ეს არასწორი ინფორმაცია. ახლა უკრაინამ მიიღო დასკვნა ამ კანონთან დაკავშირებით, შესაბამისად, დადასტურდა, რომ ინფორმაცია არასწორი იყო. აღმოჩნდა, რომ ეს ტყუილი უთხრეს ელჩს და შემდეგ მან საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა“,- განაცხადა კობახიძემ.