პერსპექტივა იმისა, რომ ჩვენ მოვახერხოთ ვიცე-სპიკერის არჩევა, არის ძალიან დაბალი. თუმცა, აქ არავითარი პრობლემა არ არის. ვიცე-სპიკერის ვაკანსია თუ არ შეივსება, ჩვენი პარლამენტის ფუნქციონირებისთვის ეს არავითარი პრობლემა არ არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან აღნიშნა, თუ რა შემთხვევაში ექნება მხარდაჭერა ოპოზიციის მიერ ვიცე-სპიკერის პოზიციაზე წარმოდგენილ კანდიდატურას.
„კოლექტიური „ნაცმოძრაობიდან“ ვიცე-სპიკერად არცერთი ადამიანი არ იქნება არჩეული. თუ უარს იტყვის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ კანდიდატურის წარმოდგენაზე და არაკოლექტიური „ნაცმოძრაობიდან“, ოპოზიციიდან წარმოდგენილი იქნება კანდიდატურა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ მხარდაჭერას, მაგრამ კოლექტიური „ნაცმოძრაობიდან“ და მასში იგულისხმება, როგორც პარტია „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, გიორგი ვაშაძის პარტია, გახარიას პარტია - ეს პოლიტიკური ძალები, რადიკალური ოპოზიცია“, - განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, მაშინ, დაასახელოს, ვინ არ არის რადიკალური ოპოზიცია, კობახიძე პასუხობს, რომ „ესენი თითქმის ყველა არის რადიკალურ ოპოზიციაში“. ამასთან, მისი განმარტებით, ფრიდონ ინჯიას პოლიტიკური ჯგუფიდან ვიცე-სპიკერი უკვე არჩეულია.
„შესაბამისად, თქვენც ხვდებით, რომ არჩევანი არის უკიდურესად დავიწროებული. პერსპექტივა იმისა, რომ ჩვენ მოვახერხოთ ვიცე-სპიკერის არჩევა, არის ძალიან დაბალი. თუმცა, აქ არავითარი პრობლემა არ არის. ვიცე-სპიკერი ვაკანსია თუ არ შეივსება, ეს არავითარი პრობლემა არ არის ჩვენი პარლამენტის ფუნქციონირებისთვის“,- განაცხადა კობახიძემ.