ვიდეოს ნაწილი დადეს, გაცილებით უარესიც ვუთხარი, რასაც კამერების წინ ვერ ვიტყვი, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც პარლამენტში სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, მათი მოთმენა რთულია და რომ არა პოლიტიკოსების თმენის ვალდებულება, არ იცის, რა მოხდებოდა.
„გაცილებით მეტი ვუთხარი, მაგრამ რაღაც ნაწილი მოჭრეს და ის დადეს, გაცილებით უარესი ვუთხარი, რასაც კამერების წინ ვერ ვიტყვი. დიახ, კამერები როცა გასული იყო, ვისაც რა ეკუთვნოდა, ის ვუთხარი. მეტს არ ვიტყვი, იყო ისეთი რამ, რაზეც კამერებთან არ ვსაუბრობ. როცა რუსული საქმის მკეთებლები პროდასავლელებად დეკლარირებენ, ეს რთული ასატანია, ვაღიარებ ამას. წინ რომ გისხედან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ პარტიას, რომელმაც ქართველ სამხედროებს ომის დანაშაული დააბრალა და უამრავი რუსული საქმე აკეთა, ამის მოთმენა პრაქტიკულად შეუძლებელია. რომ არა პოლიტიკოსების თმენის ვალდებულება, არ ვიცი, აქ რა მოხდებოდა. ძალიან კარგია, რომ თმენის ვალდებულება არსებობს და მაქსიმალურად ვცდილობთ ამ წესის დაცვას.
რაც შეეხება შშმ პირების თემას, როცა პოლიტიკური მიზნებისთვის ასეთ სტრესს აყენებ ბავშვებს, შშმ პირებს, შვილებს და ამაზე რომ ტაშს უკრავს ვიღაც და ამით თავს გამოიდებს, ასეთ ხალხს ყველაფერი ეკუთვნის. ამაღელვებელი ფოტო ვნახე - ყურებში თითებგარჭობილი ბავშვი, ამ მარაზმის შედეგად, წარმოუდგენელი ამბავია,"- განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, შშმ ბავშვის მშობელი, რომელმაც მათ რუბლები გადააყარა სხდომათა დარბაზის აივნიდან, "ყველაზე რადიკალ აქტივისტებს" შორის ერთ- ერთია.
პარლამენტის პლენარული სხდომა ინციდენტით დაიწყო. პარლამენტში სტუმრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ. პლენარული სხდომის დაწყებისას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მათ მიესალმა, რა დროსაც ერთ-ერთმა სასესიო დარბაზის აივნიდან ნაჭერი წარწერით „არა ორიენტაცია არეულ ქოც-რუსულ ოცნებას დაოჯახებულებისგან" გადმოფინა და სავარაუდოდ, რუსული რუბლები გადმოყარა. ინციდენტმა ხმაური გამოიწვია და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების დროს დარბაზში მედია არ იმყოფებოდა, თუმცა ინციდენტის ამსახველ ვიდეოჩანაწერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ანა წითლიძე ავრცელებს.