„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველანაირი ძალადობა, განსაკუთრებით ჟურნალისტების მიმართ იმსახურებს კატეგორიულ დაგმობას და ეს არის მმართველი პარტიის ერთადერთი პოზიცია , - აღნიშნულის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელზე თავდასხმის შესახებ.
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველანაირ ძალადობას ვგმობთ მითუმეტეს როგორც ვიცი, ჟურნალისტი არის ეს ახალგაზრდა ადამიანი. იმედია, რომ ძალიან მალე იქნება გამოძიებული ეს საკითხი და დამნაშავეებიც დაისჯებიან. რა თქმა უნდა, ყველანაირი ძალადობა, განსაკუთრებით ჟურნალისტების მიმართ იმსახურებს კატეგორიულ დაგმობას და ეს არის ჩვენი ერთადერთი პოზიცია,“ -განაცხადა კობახიძემ.
ბათუმში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელ კობა ფარტენაძე 40 წლამდე მამაკაცი თავს დაესხა. როგორც კობა ფარტენაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, მომხდარის გამო პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. კობა ფარტენაძე ამბობს, რომ თავდასხმის მიზეზი მისთვის უცნობია. „დილის გადაცემა დასრულდა, დაცვამ შემატყობინა, რომ სტუმარი იყო მოსული, გავედი, დამხვდა ადამიანი, რომელსაც ქალაქიდან ვიცნობდი, მხოლოდ გამარჯობით შემოვიფარგლებოდი. მითხრა, წიგნი მოგიტანე საჩუქრადო, შემდეგ თმაში მწვდა და სამი კიბით ქვემოთ ჩამაგდო. მემუქრებოდა, რომ პარკში დამხვდებოდა, ეს წიგნი უნდა წამეკითხა. წიგნი საკმაოდ მძიმე სიუჟეტებს შეიცავს, არის ნაცისტებზე, მკვლელობაზე, მსგავსი შინაარსისაა“, - განაცხადა ფარტენაძემ.მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის”126ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.