ქვეყანას "რუსული ოცნების" ვასალური რეჟიმი მართავს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, ფიგურირებენ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე და მარკ ზილბერკვიტი, რომელიც ვლადიმერ პოზნერს თბილისში ვიზიტის დროს ახლდა, რასაც პროტესტი მოჰყვა.
ბეჟაშვილი ამბობს, რომ არასერიოზული იქნება მხოლოდ ზურაბ აბაშიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, რადგან მთლიანად „ქართული ოცნება“ არის ჩართული რუსეთთან არაოფიციალურ მოლაპარაკებებში და ეს დასტურდება უვიზო რეჟიმის და ფრენების აღდგენითაც.
"ეს ჩანაწერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორი ვასალური დამოკიდებულება აქვს "ქართულო ოცნების" ხელისუფლებას პუტინის რეჟიმის მიმართ. ეს ადასტურებს ფაქტებს, რომელიც მანამდე არაერთხელ გაჟღერდა: გომელაურის, შსს-ს მაღალჩინოსნების კავშირებს "ეფესბეს" მაღალჩინოსნებთან, ლავროვის შვილის ვიზიტი - ყველაფერი ეს ადასტურებს იმას, რომ დღეს ქვეყანას მართავს არა „ქართული ოცნება“, არამედ რუსული ოცნება. ეს უნდა იყოს განმსაზღვრელი და ამ პრიზმიდან უნდა შევაფასოთ ქართული ოცნების საქმიანობა. დღეს ქვეყანას მართავს ვასალური რეჟიმი "რუსული ოცნების", - განაცხადა ბეჟაშვილმა.
Youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე საუბრობს ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტ მარკ ზილბერკვიტთან, რომელიც ვლადიმერ პოზნერს თბილისში ახლდა. ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე მათ, ვინც პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტა, „ნაცისტების ჯგუფს“ უწოდებს. ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, 2021 წლით არის დათარიღებული და დღეს გავრცელდა.