ანა წითლიძე - ჩანაწერით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქვეყანას ჰყავს რუსული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება, რომელიც ბოდიშს უხდის რუსეთს საქართველოს მოქალაქეების პროტესტის გამო

ჩანაწერით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოს ჰყავს რუსული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება, რომელიც ბოდიშს უხდის რუსეთს საქართველოს მოქალაქეების პროტესტის გამო, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ანა წითლიძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერს.

ანა წითლიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ფარული მოლაპარაკებები და ფარული ურთიერთობა რუსეთის ხელისუფლებასთან.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვიძახით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსეთის ხელისუფლების მოკავშირე და რომ „ქართული ოცნება“ არანაირი 12-პუნქტიანი ვალდებულების შესრულებას არ აპირებს, არამედ აპირებს, რომ კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს ქვეყანაში რუსული ინტერესები, ეს ჩანაწერი ამის პირდაპირი მტკიცებულებაა, როგორ უხდიან სამარცხვინოდ იმ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს ბოდიშს, რომელსაც 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და რომლებმაც ჩახოცეს საქართველოს მოქალაქეები და რომელთანაც ჩვენ არაერთი ომი გვქონია და რომელსაც არ უნდა თავისუფალი, სუვერენული და ევროპული სახელმწიფო. ამიტომ, ჩვენ ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ერთი ჩანაწერი რაც ვნახეთ, კიდევ არის უამრავი რამე, რაც არ ვიცით და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ფარული მოლაპარაკებები და ფარული ურთიერთობა რუსეთის ხელისუფლებასთან, რაც არის საშიში, რადგან ჩვენ არ ვიცით კიდევ რის წინაშე შეიძლება დაგვაყენოს „ქართულმა ოცნებამ“ და ასევე, აუცილებლად უნდა დავამატო, რომ პარლამენტის სხდომაზე მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე გაბრაზებულები იყვნენ იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქემ გამოხატა პროტესტი და მან დაუძახა რუსები და ჩვენ დავუძახეთ რუსები. დღეს ამ ჩანაწერით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გინება მამუკა მდინარაძესაც და ირაკლი კობახიძესაც შეეწერათ და ამ ქვეყანას ჰყავს რუსული ხელისუფლება. ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს ბოდიშს უხდიან იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები ხვდებიან პროტესტით, ესე ელაპარაკებიან ესენი რუსეთს, რადგან ეს ადამიანები არიან დავალებულები რუსეთის ხელისუფლებისგან და ეს ადამიანები რეალურად არიან რუსეთის ხელისუფლების მონები. ამ ჩანაწერით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოს ჰყავს რუსული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

Youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე საუბრობს ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტ მარკ ზილბერკვიტთან, რომელიც ვლადიმერ პოზნერს თბილისში ახლდა. ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე მათ, ვინც პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტა, „ნაცისტების ჯგუფს“ უწოდებს. ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, 2021 წლით არის დათარიღებული და დღეს გავრცელდა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა