ყველა ის ადამიანი, რომელიც ვითომ ანტირუსულ კამპანიას ეწევა, არის „ნაცი“ პროპაგანდისტი - ინტერნეტში გავრცელებული ყველა მასალა ჩემთვის არ არის აპრიორი ფაქტი, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, ფიგურირებენ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე და მარკ ზილბერკვიტი, რომელიც ვლადიმერ პოზნერს თბილისში ვიზიტის დროს ახლდა, რასაც პროტესტი მოჰყვა.
მისივე თქმით, "საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც საღად აზროვნებს, ძალიან კარგად აფასებს იმ პოლიტიკას, რაც მმართველ გუნდს აქვს, მათ შორის რუსეთთან მიმართებით პრაგმატულ პოლიტიკას, ქვეყნის ომში არჩართვის პოლიტიკას".
"დავიწყოთ იმით, რომ ნულია ნდობა ტელევიზიების მიმართ, რომელმაც ჩანაწერი გაავრცელა, ამიტომ ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. გავაგრძელოთ იმით, რომ რა თქმა უნდა, ყველა ის ადამიანი, რომელიც ვითომ ანტირუსულ კამპანიას ეწევა, არის „ნაცი“ პროპაგანდისტი, რომლებიც რეალურად რუსულ საქმეს აკეთებს. გვერდით უდგანან პოლიტიკოსებს, რომლებიც აქ პარლამენტში რუსულ საქმეს ემსახურებიან იმით, რომ ხელს უშლიან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, 12 რეკომენდაციის შესრულებას, აკეთებენ ყველაფერს, რომ ქვეყნის რეპუტაცია შელახონ და არ მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი.
ინტერნეტში გავრცელებული ყველა მასალა ჩემთვის არ არის აპრიორი ფაქტი, აქედან გამომდინარე „იუთუბზე“ გავრცელდა, შემდეგ რომელიღაც ტელევიზიამ "გადააშეარა", დაამატა ვერსია, ააგორა კამპანია თუ რა გააკეთა, არ მაინტერესებს. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც საღად აზროვნებს, ძალიან კარგად აფასებს იმ პოლიტიკას, რაც მმართველ გუნდს აქვს, მათ შორის რუსეთთან მიმართებით პრაგმატულ პოლიტიკას, ქვეყნის ომში არჩართვის პოლიტიკას და ყველა იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელმაც შედეგად მოგვცა მშვიდობა და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, ამიტომ რაც არ უნდა ინტერპრეტაციები გააკეთოთ, ფარული ჩანაწერი იქნება თუ არა ფარული, ყველა თქვენი მანიპულაცია საინტერესო არ არის არც საზოგადოებისთვის, არც ჩემთვის", - განაცხადა წილოსანმა.
კითხვაზე, თუ ავთენტურობა დამტკიცდება, უნდა დადგეს, თუ არა ზურაბ აბაშიძის, ასევე პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, წილოსანი ამბობს, რომ დაშვებების დონეზე ვერ ისაუბრებს.
„ინფანტილურია დაშვებების და თეორიების შესაბამისად დავდგე და ვაკეთო კომენტარი, თუ ასე, თუ ისე, ან იმ შემთხვევაში თუ...", - განაცხადა წილოსანმა.
Youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე საუბრობს ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტ მარკ ზილბერკვიტთან, რომელიც ვლადიმერ პოზნერს თბილისში ახლდა. ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე მათ, ვინც პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტა, „ნაცისტების ჯგუფს“ უწოდებს. ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, 2021 წლით არის დათარიღებული და დღეს გავრცელდა.