მასწავლებლების მთავარი წუხილი არის ის ბიუროკრატია, რომელიც მათ სამინისტროსგან დაევალათ. ეს მათ ართმევს მთელ დროს, რომელსაც ისინი წესით ბავშვებს უნდა უთმობდნენ, - ამის შესახებ საპარლამენტო ჯგუფ ,,მოქალაქეების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, სამინისტრო ხელს უშლის მასწავლებლებს, შეასრულონ ყველაზე მთავარი - მისცენ ბავშვებს ხარისხიანი განათლება.
"არ შეიძლება საჭირო დროს და ენერგიას არ ვუთმობდეთ მასწავლებლებთან დაკავშირებულ პრობლემებს.
შევხვდი მასწავლებლების დიდ ჯგუფს როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებიდან და მათ აქვთ ერთი მნიშვნელოვანი წუხილი, რაც უკავშირდება უსასრულო ბიუროკრატიულ პროცედურებს, რომელიც დაევალათ სამინისტროს მიერ. მასწავლებლებს მთელ დროს, რომელიც ხარისხიანი გაკვეთილის მომზადებას უნდა ეთმობოდეს, ართმევს განათლების სამინისტროს მიერ შექმნილი ბიუროკრატია.
მათ დაევალათ ბავშვებს აწერინონ ტესტები იმისთვის, რომ მშობლებს დაუმტკიცოს სკოლამ, რომ მათ შვილებს ნიშანი უსამართლოდ არ აკლდებათ. რაც უფრო მეტი კლასი ჰყავს მასწავლებელს, მით მეტი სავსე ბაინდერი მოაქვს სახლში, რომ საღამოობით ,,საშინაო დავალება" შეასრულოს. ეს გაუმართლებელია. დადგა დრო, მშობლებმა ავიღოთ ჩვენი შვილების ხარისხიან განათლებაზე პასუხისმგებლობა და მთელი წლის თუ სემესტრის განმავლობაში ვიყოთ მუდმივ კავშირზე მასწავლებლებთან და ჩვენც მოვიკითხოთ რა ძლიერი და სუსტი მხარეები იკვეთება მეცადინეობის პროცესში. ეს პირველ რიგში ჩვენი შვილებისთვის არის კარგი. მეორე ცუდი მხარე, რაც ამ ტესტებს ახლავს თან, არის ის, რომ მასწავლებლები იძულებული არიან იმუშაონ შეუჩერებლად, ჯერ მთელი დღე სკოლაში და შემდეგ უკვე სახლშიც გააგრძელონ ,,სკოლაზე" მუშაობა, რაც დაუშვებელია.ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის“, - განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.
მისი თქმით, კომიტეტის ფარგლებში მინისტრთან შეხვედრა ჰქონდათ, რომელიც აღნიშნული ბიუროკრატიას გაუქმებას დაჰპირდა.
„ამაზე საუბარი რომ დავიწყეთ, პირველივე რაც მან თქვა იყო ის, რომ ეს ბიუროკრატია აღარ იქნებოდა და მასწავლებლებს ექნებოდათ საშუალება გაეკეთებინათ თავისი საქმე, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ვხედავთ, რომ დაპირება რჩება დაპირებად, მასწავლებლებს აქვთ იგივე პრობლემა და მე იმედს ვიტოვებ, რადგან ახლა არის კარგი პერიოდი ცვლილებებისთვის, იწყება არდადეგები და სამინისტროს აქვს დრო იმისთვის, რომ ეს შეცვალოს, მასწავლებლები უნდა გავათავისუფლოთ ამ წნეხისგან და მივცეთ საშუალება, რომ ჩვენს შვილებს მისცენ ხარისხიანი განათლება“, - განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.
აღნიშნულ კომენტარს პარტია „მოქალაქეების“ პრესსამსახური ავრცელებს.