გუშინდელი გზავნილები შარლ მიშელისგან იყო იმის გამეორება, რომ საქართველოს არ აქვს ის რეკომენდაციები შესრულებული, რომელიც ევროკავშირმა დაგვაკისრა გასულ წელს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით ხაჯიშვილმა განაცხადა, რითაც 12-პუნქტიან რეკომენდაციებთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გზავნილებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, შარლ მიშელმა გაიმეორა, რომ შესრულებული რეკომენდაციები, რომელზეც „ქართული ოცნება“ საუბრობს, ზედაპირულია.
„გუშინდელი გზავნილები ევროკავშირიდან, შარლ მიშელისგან იყო იმის გამეორება, რომ საქართველოს არ აქვს ის რეკომენდაციები შესრულებული, რომელიც ევროკავშირმა დაგვაკისრა გასულ წელს. შარლ მიშელმა გაიმეორა, რომ თითქოს ის შესრულებული რეკომენდაციები, რომელზეც „ქართული ოცნება“ საუბრობს, ეს არის ზედაპირული და ჩვენ უნდა ჩავუღრმავდეთ და ნამდვილად უნდა შევასრულოთ, რომ აკმაყოფილებდეს ევროკავშირის სტანდარტებს.
მთავარი, რა თქმა უნდა, არის სასამართლო რეფორმა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ჩვენი ინფორმაციით, ეს ორი საკითხი იყო პირველ პლანზე გამოტანილი. თუ ეს რეკომენდაციები არ შესრულდება, ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემს და ხელიდან გავუშვებთ ამ ისტორიულ შანსს, ამიტომ, „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, რომ არა ზედაპირულად, არამედ ნამდვილად შეასრულოს ეს რეკომენდაციები“, - განაცხადა ხაჯიშვილმა.