ბოდიში ჩვენ არავისთვის შეგვითვლია და თავის ინიციატივით ზურაბ აბაშიძე ბოდიშს არ მოიხდიდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, თავად ზურაბ აბაშიძემ თქვა, რომ გავრცელებული ჩანაწერი „ფეიკია“ და მას ენდობა.
„მჯერა რაც თქვა, უნდობლობის საფუძველი არ მაქვს. სხვათაშორის, თავად თქვა, წინა შემთხვევაში, სადაც რაღაც უხერხულობები შეიძლება იყო, არ უარყვია ამ კაცს და თქვა, რომ მართალია, ასე იყო. ამ შემთხვევაში თქვა, რომ საუბარი შედგა, მაგრამ „დაფეიკებულია" და შინაარსი არ შეესაბამება იმ რეალობას რაც ვილაპარაკეთო. თან სულ რომ დავიჯეროთ, რომ „ფეიკი" არ არის, არარელევანტური ადამიანია მეორე მხარეს, ვისაც შეიძლება ამ თემებზე ელაპარაკებოდეს. სულ რომ ასე იყოს, იქ საუბრები არის იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას აფასებს ცუდად, მეც ცუდად ვაფასებ იმ ადამიანებს, ვინც ფსევდო - გაბრაზებების ავტორები არიან.
კაცი ამბობს, რომ „დაფეიკებულია," ყველაფერი თუ ნაწილი, მე როგორ გითხრათ, მაგრამ როცა ამბობს, რომ „დაფეიკებულია“, ჩვენ მაინც რომ გავაგრძელოთ ამაზე მსჯელობა, არ არის სწორი. თუ გაინტერესებთ, ბოდიში ჩვენ არავისთვის შეგვითვლია და თავის ინიციატივით ზურაბ აბაშიძე ბოდიშს არ მოიხდიდა. ჩვენ არავისთვის შეგვითვლია ბოდიში და არც არასდროს ვუთვლით ასეთ დროს. ერთადერთი ადამიანია ამ ქვეყანაში ეს ადამიანი, რომელსაც აქვს ლეგიტიმური საშუალება, რომ ელაპარაკოს რუსული მხარის წარმომადგენლებს. ფსევდო ლიბერალური ფრთის მიმართ ასეთი დამოკიდებულება თუ იყო, არ გამიკვირდება. რატომ ხდება ეს ყველაფერი იცით? ფსევდო ლიბერალიზმს აქვს ერთადერთი პლუსი თავად ფსევდოლიბერალებისთვის - გოიმები გრძნობენ თავს თანამედროვეებად და „სვეცკებად" და დადიან მერე ბედნიერები. ეგ არის თავი და ბოლო მათი ქცევის და მავნებლობა და ქვეყნის მტრობა კიდევ მეორე მიზანია მათთვის,"- განაცხადა მდინარაძემ.
Youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე საუბრობს ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტ მარკ ზილბერკვიტთან, რომელიც ვლადიმერ პოზნერს თბილისში ახლდა. ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე მათ, ვინც პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტა, „ნაცისტების ჯგუფს“ უწოდებს. ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, 2021 წლით არის დათარიღებული და დღეს გავრცელდა.
თავად ზურაბ აბაშიძემ “ინტერპრესნიუსთან“ მარკ ზილბერკვიტთან სატელეფონო საუბარი დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ „შინაარსობრივად დაჩეხილი, დამონტაჟებული ფეიკია”.