აგვისტოს ომი დროებით წაგებულია ომია - ჩვენი მიზანია საქართველო იყოს ერთიანი და მთლიანი, ოღონდ მშვიდობიანი გზით, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თორნიკე რიჟვაძის განცხადებას, რომელმაც აგვისტოს ომს "ლაჩრულად წაგებული" უწოდა.
რიჟვაძის განცხადების კომენტირებისას ბოჭორიშვილმა ჟურნალისტს მიმართა, რომ ამ საკითხზე მათი სპეკულაციებია დამაზიანებელი.
"სამწუხარო რეალობა არის ის, რომ აგვისტოს ომი წაგებული ომია დროებით. ეს არის ის ბრძოლა, რომელშიც საქართველო ჯერ კიდევ არის. ჩვენი მიზანი არის ის, რომ საქართველო იყოს ერთიანი და მთლიანი, ოღონდ მშვიდობიანი გზით. დანარჩენი ამ საკითხებზე თქვენი სპეკულაციები აბსოლუტურად დამაზიანებელია," - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ, აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც თორნიკე რიჟვაძემ საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა, ხმაური იყო. ერთმანეთს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ელგუჯა ბაგრატიონი დაუპირისპირდნენ.
ბაგრატიონმა სხდომაზე აჭარაში რუსეთის მოქალაქეების დასაქმების საკითხი გააპროტესტა, რაზეც თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა: „იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც 2008 წელს ლაჩრულად წაგებული ომის შემდგომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო უვიზო რეჟიმს, ყვავილებითა და ქართული ღვინით ხელში ეგებებოდა აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებს”.
რიჟვაძის ამ განცხადებას ელგუჯა ბაგრატიონი კვლავ გამოეხმაურა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართა: „შეურაცხყოფას ნუ აყენებთ იმ მებრძოლ ადამიანებს რომლებმა 2008 წელს იბრძოლა, ის ლაჩრული ბრძოლა იყო? გუნდი ხართ ლაჩრები. ბორინკა ხომ არ არის თქვენი მხედართმთავარი?”