ბატონო მინისტრო, ეთანხმებით თუ არა ღარიბაშვილს, რომ უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა არის რუსეთის ომის მიზეზი? - კი თუ არა? - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, რომელსაც „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
„ვსვამ ძალიან მარტივ კითხვას და თქვენგან ვითხოვ ასევე ძალიან მარტივ და ცხად პასუხს. ეთანხმებით თუ არა ღარიბაშვილს, რომ უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა არის რუსეთის ომის მიზეზი? კი თუ არა?“ - მიმართა ბოკუჩავამ დარჩიაშვილს.
ენმ-ს დეპუტატის კითხვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა: „მაგაზე ურსულა ფონ დერ ლაიენმა გიპასუხეთ, ქალბატონო თინა უკვე, რომ კი“.
შეგახსენებთ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს, რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკრაინის ნატოსკენ სწრაფვაა.