მიგაჩნიათ თუ არა თქვენ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ მკვეთრი აცდენა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ კურსთან, ხელს უწყობს ამ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას? სჭირდება თუ არა ევროკავშირს მის რიგებში რუსეთის მეხუთე კოლონის წარმომადგენლები, რომლებიც დაბლოკავენ მის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას? - ამ კითხვით მიმართა "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში მისულ საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს.
სამადაშვილი ასევე დაინტერესდა, იზიარებს თუ არა საგარეო უწყების ხელმძღვანელი მთავრობის მეთაურის პოზიციას, რომ უკრაინაში რუსეთის ომი, ოფიციალური კიევის ნატო-ში გაწევრიანების სწრაფვით იყო პროვოცირებული და თუ ასე მიიჩნევს, რა მიზნით მიდის ნატო-ს სამიტზე.
"მე მაინტერესებს მოვისმინო თქვენგან პასუხი შეკითხვაზე, ითხოვს თუ არა ევროკავშირი საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ან სქესის გადაკეთების დაკანონებას, იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი - კი თუ არა? ან რაიმე სხვა მოთხოვნა თუ არის, რომელიც არის შეუთავსებელი ჩვენს ღირებულებებთან, როგორც ამაზე ხშირად აპელირებენ იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რომლის ხელისუფლებასაც თქვენ წარმოადგენთ. თუ შეიძლება, რომ განუმარტოთ საზოგადოებას.
მეორე შეკითხვა, მაინტერესებს იზიარებთ თუ არა GLOBSEC-ზე პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი გამოიწვია იმან, რომ უკრაინას სურდა ნატო-ში გაწევრიანება? თუ იზიარებთ ამ შეხედულებას, მაშინ რა მიზნით მიემართებით ნატო-ს სამიტზე, დაპატიჟებული ხართ როგორც ვიცი, და აქვე გკითხავთ, რატომ არ არის მიწვეული პრემიერ- მინისტრი ამ სამიტზე? ასევე, მაინტერესებს თქვენგან მოვისმინო პასუხი შეკითხვაზე, რატომ უერთდება საქართველო სულ უფრო იშვიათად ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებს და მიგაჩნია თუ არა თქვენ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ მკვეთრი აცდენა ევროკავშირის საგარეო -პოლიტიკურ კურსთან ხელს უწყობს ამ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას? სჭირდება თუ არა ევროკავშირს მის რიგებში რუსეთის მეხუთე კოლონის წარმომადგენლები, რომლებიც დაბლოკავენ მის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას?", - განაცხადა სამადაშვილმა.
ის ასევე დაინტერესდა, ეთანხმება თუ არა მინისტრი დარჩიაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება 12 რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესი.
"მაინტერესებს თქვენ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს, მიგაჩნიათ თუ არა, რომ კობახიძის და სხვების განცხადება, რომ მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება 12 პუნქტის შესრულება, არის სიმართლე, იმიტომ, რომ თუ ეს სიმართლეა, მაშინ რატომ არ გვესმის ჩვენ განცხადებები ევროკავშირის დედაქალაქებში ან ბრიუსელში, რომ თუნდაც ნაწილი ამ რეკომენდაციების არის შესრულებული და ბოლოს, აქ კობახიძე ძალიან ხშირად გამოდის და ამბობს, რომ არსებობენ ქვეყნები, რომლებიც აპირებენ, რომ დაბლოკონ კანდიდატის სტატუსის მინიჭება და მაინტერესებს, მხარდაჭერა ვისგან გაქვთ მიღებული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან, რომ ჩამოთვალოთ გარანტია, ვისგან გაქვთ მიღებული, რომ მხარს დაუჭერენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დღევანდელი მდგომარეობით", - მიმართა სამადაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრს.