საქართველო აქტიურად მუშაობს აზიის ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას აღნიშნა.
როგორც დარჩიაშვილმა განაცხადა, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან დასრულდა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ. მისივე თქმით, საუდის არაბეთთან შეიქმნა მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭო; საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის გაფორმდა ეკონომიკური თანამშრომლობის და ინვესტიციების დაცვის სფეროში შეთანხმებები.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსა და თურქმენეთს შორის გაფორმდა საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება; საქართველოსა და ყაზახეთს შორის შუა დერეფნის ეფექტიანი სატრანზიტო ფუნქციონირების გაუმჯობესების შესახებ დამტკიცდა სამოქმედო გეგმა და ორი ქვეყნის რკინიგზებს შორის გაფორმდა თანამშრომლობის შეთანხმება.
ამასთან, დარჩიაშვილმა აზიის და ოკეანეთის ქვეყნებიდან განხორციელებულ ვიზიტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს სტუმრობდნენ კორეის რესპუბლიკის, იაპონიის, ინდოეთის რესპუბლიკის მაღალი თანამდებობის პირები.
მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში საგარეო უწყებათა დონეზე ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა: ტაჯიკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ფილიპინების, ინდოეთის, მალდივის, პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკასთან, ტაილანდის სამეფოსთან და მონღოლეთთან.