რუსეთის მიერ უკრაინაში ხელმეორე შეჭრამ მნიშვნელოვნად შეცვალა გეოპოლიტიკური ვითარება და, ამასთან ერთად, დასავლეთის დამოკიდებულებაც, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი Civili.ge-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, საკუთარი უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ, შესაძლებლობების ფარგლებში, მხარი დაუჭირა უკრაინას.
მისი თქმით, საქართველო იყო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინასთან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ინიციატივის თანაავტორი და მხარდამჭერი.
,,ამჯერად, დასავლეთი რეალურად შეეწინააღმდეგა რუსულ პოლიტიკას. საკუთარი უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ, შესაძლებლობების ფარგლებში, მხარი დაუჭირა უკრაინას. ჩვენ ვიყავით ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინასთან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ინიციატივის თანაავტორი და მხარდამჭერი. აგრეთვე, მივიღეთ ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილი, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებიდან ჩვენს 300,000 იძულებით გადაადგილებულ პირთან ერთად.ჩვენი რთული გეოსტრატეგიული ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს რუსეთის მიმართ მხოლოდ სტრატეგიული მოთმინების იმ პასუხისმგებლიანი პოლიტიკის შენარჩუნება შეეძლო, რომელსაც წლების განმავლობაში ფრთხილად ატარებდა. ეს პოლიტიკა, რომელსაც წლების განმავლობაში მხარს უჭერდნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ასევე, გულისხმობს უარის თქმას რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების შემოღებაზე. ის, აგრეთვე, გულისხმობს იმას, რომ საქართველომ არ დააწესოს სანქციები საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლების თაობაზე რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს პოლიტიკა კვლავ მტკიცედ პროუკრაინული, ევროკავშირსა და ნატოზე ორიენტირებულია, ახსნა-განმარტების გარეშე საქართველოს ახლა უკვე პრორუსულობის გამო აკრიტიკებენ. ჩვენი მოქალაქეები ნეგატიურად აღიქვამენ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მსგავს არათანმიმდევრულ და უსაფუძვლო კრიტიკას. თავად განსაჯეთ: ისინი, ვინც წლების განმავლობაში რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის მხრივ ზედმეტად ფრთხილები იყვნენ, ახლა ცდილობენ იყვნენ ხმამაღალი თავიანთ ანტირუსულ პოლიტიკაში და მეტიც, აკრიტიკებენ საქართველოს, უკრაინასთან დაკავშირებულ კონფრონტაციაში თავით არ გადაშვების გამო. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ამ კრიტიკოსებს არ მოუხდენიათ რეაგირება რუსეთის საქართველოში შემოჭრაზე, რაც ქართველი ხალხისთვის არანაკლებ სასტიკი და დამაზიანებელი იყო, ვიდრე რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ჩვენდა სამწუხაროდ, იმ დროინდელ რუსეთის აგრესიას თითქმის არანაირი საპასუხო წნეხი არ მოჰყოლია,” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
შალვა პაპუაშვილი, ასევე, საუბრობს საქართველოს გადაწყვეტილებაზე, არ შეერთებოდა დაწესებულ ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
მისი თქმით, არასდროს მომხდარა საქართველოს ტერიტორიისა, ან ინსტიტუტების მეშვეობით სანქციების რეჟიმის გვერდის ავლა.
„მეორე, იმისდა მიუხედავად, რომ საქართველოს დასავლეთის მხრიდან უსაფრთხოების პრაქტიკულად არანაირი გარანტია არ აქვს, ჩვენს ქვეყანას მუდმივად მოუწოდებენ „გაბედული“ ქმედებებისკენ. ეს უცნაურია, რადგან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, რომ საქართველოს არ შესწევს უნარი, რუსეთს გაუწიოს ისეთივე წინააღმდეგობა, როგორც ალიანსის წევრ ქვეყნებს, რომლებიც ნატო-ს მეხუთე მუხლით არიან დაცული. ამ ზედმეტად მონდომებულმა აქტივისტებმა უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს, რამდენად წააქეზებდნენ ისინი თავიანთ ქვეყნებს გაეკეთებინათ ის, რისკენაც საქართველოს მოუწოდებენ, ოღონდ ნატო-ს უსაფრთხოების დაცვის ქოლგის გარეშე.
მესამე, ჩვენი ზოგიერთი პარტნიორი გვემდურება რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების არ დაწესების გამო. მართალია, საქართველომ უარი თქვა ორმხრივი სანქციების დაწესებაზე, მაგრამ არასდროს დაგვიშვია საქართველოს ტერიტორიისა, ან ინსტიტუტების მეშვეობით სანქციების რეჟიმის გვერდის ავლა. ყველასთვის, პირველ რიგში, კი ჩვენი ყველა მოქალაქისთვის, ნათელია, რომ საქართველოს მიერ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებას პირდაპირი უსაფრთხოების რისკები მოჰყვებოდა და საქართველოს ეკონომიკაზე დამანგრეველი ეფექტი ექნებოდა. სანაცვლოდ, მსგავსი ნაბიჯი რუსეთს ფაქტობრივად ზიანის გარეშე დატოვებდა. რუსეთის საპასუხო ქმედებები საქართველოს ეკონომიკისა და სახელმწიფოებრიობისთვის დიდი ზიანის მომტანი იქნებოდა.
მეოთხე, ნამდვილად სამწუხაროა, რომ ნატო-სა და ევროკავშირში შედარებით მცირე ხნის წინ გაწევრიანებული ქვეყნები არიან საქართველოს პოლიტიკის ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსები. ამ ქვეყნებმა, რომლებიც თავის დროზე საქართველოს ყველაზე დიდი მხარდამჭერები იყვნენ, გეოპოლიტიკური უსაფრთხოების მოპოვების შემდეგ, უნდა გაიხსენონ, რამდენად არასრულყოფილი იყო მათი დემოკრატიები და ეკონომიკები გაწევრიანების დროს. მხარდაჭერის ნაცვლად იდეოლოგიური, ზოგჯერ კი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან კრიტიკა უსამართლოა და აზიანებს ჩვენს საერთო მიზნებს.
ბოლო ათწლეულში, საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნისა და ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის გაწეული დიდი ძალისხმევის მიუხედავად, არასდროს მიგვიღია დამსახურებული საპასუხო ნაბიჯები. გასულ წელს, როდესაც საქართველოს ევროკავშირის პოტენციურ წევრობაზე მიღებული იქნა რეალური გადაწყვეტილება, ჩვენ, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსის გარეშე დაგვტოვეს იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის ასოცირებულ ტრიოს შორის აშკარა ლიდერები ვიყავით. ამ გადაწყვეტილებამ დიდი დაბნეულობა გამოიწვია ქართველ ხალხში, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობას.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, უსამართლო კრიტიკის ნაცვლად, დაგვეხმარონ, გავუმკლავდეთ ჩვენს რთულ უსაფრთხოების გარემოს და მივიღოთ ნატო-სა და ევროკავშირის დამსახურებული წევრობა. უკვე 15 წელია, ბურთი დასავლეთის მხარესაა, როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს მოედანზე. დროა, განსაკუთრებით ევროკავშირისთვის, იზრუნონ გრძელვადიან მშვიდობაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებითა და გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების გზით,”- წერს შალვა პაპუაშვილი.