არ არის კარგი საქმე, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნათქვამის ინტერპრეტირება ხდება - თქვენი ინტერპრეტაციით გაკეთებულს არ ვეთანხმები, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა თქვა ის, რაც ყველასთვის ცნობილია და ის, რაც ახალი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, თინა ბოკუჩავას კითხვას უპასუხა, ეთანხმება თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომ უკრაინის ნატო-სკენ სწრაფვა არის რუსეთის ომის მიზეზი.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ ნათქვამი მსგავსი შინაარსის განცხადებები სხვა ლიდერებისგანაც მოგვისმენია.
„კი თუ არა - ეს არ ვიცი, კითხვის დასმის ახალი ფორმაა. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ არ არის კარგი საქმე და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას, ჩვენს პარტნიორებში ჩვენი ქვეყნის შესახებ პოზიტიური აღქმების შექმნას არ ეხმარება, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნათქვამის ინტერპრეტირება ხდება. ის, რაც პრემიერ-მინისტრმა თქვა, თქვენც შეგიძლიათ მსგავსი განცხადებები მოისმინოთ სხვა ლიდერების მხრიდან. თუკი თქვენი კითხვა მდგომარეობს იმაში, ვეთანხმები თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებას - თქვენი ინტერპრეტაციით გაკეთებულს არა, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა თქვა ის, რაც ყველასთვის ცნობილია და ის, რაც ახალი არ არის. ეს ჩვენ სხვა ლიდერებისგანაც მოგვისმენია”, - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს, რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკრაინის ნატოსკენ სწრაფვაა.