ისე მოხდა, რომ ჩვენ, პოლიტიკოსებს და მთელ ქართველ ერს გაგვიმართლა, რომ ისტორიულ გზაგასაყარზე აღმოვჩნდით და რა მივიღეთ ამ ეტაპისთვის შედეგად?! - ის რომ ისტორიულ, ეპოქალურ შანსს ვკარგავთ! - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა გააკეთა.
ახვლედიანის თქმით, დასავლელი პარტნიორების ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყანამ როგორმე საშინაო პოლიტიკაში გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგას, რაც პირდაპირ ასახვას პოვებს საგარეო პოლიტიკაში. ახვლედიანის განცხადებით, ეს ნაბიჯი ერთადერთ რამეს - 2024 წლის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას უკავშირდება.
„ევროატლანტიკური ინტეგრაცია თავისი არსით იმ ქვეყნის უალტერნატივო დემოკრატიზაციას უკავშირდება, რომელიც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას აპირებს. საუბედუროდ, როდესაც სულისკვეთება, პოლიტიკური შეკვეთა და პოლიტიკური განწყობა ამის საპირისპიროა - განწყობა არის ერთადერთი, რომ ძალაუფლება შეინარჩუნო - რა თქმა უნდა, ეს მიდრეკილება სრულ შეუსაბამობაშია ევროპულ მისწრაფებებთან. სწორედ ამიტომაა, რომ აღმოვჩნდით ჩიხში“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფება.