სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან არც წასულა, უკრაინაში ყოფნის დროსაც ქართულ პოლიტიკაში იმყოფებოდა, - ასე შეაფასა უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მესამე პრეზიდენტის განცხადება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში აქტიურად აპირებს ჩართვას.
ქადაგიშვილის განცხადებით, სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში დაბრუნების მიზანი იყო, საქართველოს პოლიტიკაში დიდი დესტრუქცია შემოეტანა.
„სად იყო აქამდე? სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან, არც წასულა. უკრაინაში ყოფნის დროსაც სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში იმყოფებოდა. საქართველოში შემოპარვის მიზანიც იყო ის, რომ საქართველოს პოლიტიკაში დიდი დესტრუქცია შემოეტანა. მილიონი დახარჯა იმაში, რომ მთელი მსოფლიოს თვალწინ საქართველო უარყოფითი სახით წარმოეჩინა. იძახდა, მომწამლეს, მაწამეს, მკლავდნენ, არ მკურნალობდნენო. სტრასბურგის სასამართლომ, საქართველოს წინააღმდეგ დიდ შეთქმულებას წერტილი დაუსვა. ახლა სერიალის ახალ სეზონს გვიანონსებენ - „მე დავბრუნდი ქართულ პოლიტიკაში“. ყოველთვის აქ იყო, ყოველთვის ეს დესტრუქციული დღის წესრიგი ჰქონდა. სიახლე ამ კუთხით არაფერი არ არის. აქედან გამომდინარე განსაკუთრებული ყურადღების მისაქცევი არ არის ეს განცხადება“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ბრუნდება. მისივე თქმით, "ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი აჭარის უზენაეს საბჭოში".
„საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად", - აღნიშნავს სააკაშვილი.