ოპოზიციამ წინასწარ, ერთმანეთის მიმართ ისეთი ბარიერები არ უნდა დავაწესოთ, რომ საბოლოო ჯამში, „ქოცი“ დარჩეს მოგებული - იმისთვის, რომ არჩევნებში ოპოზიციისთვის მიცემული ხმა მანდატებში გადაისახოს და ეს ხმა „ქოცმა“ არ წაიღოს, კოორდინაცია და პარტიების გამსხვილებაა საჭირო, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.
როგორც მანჯგალაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, პარტია, რომელიც ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ მისთვის წითელი ხაზია, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ერთიან კოალიციურ მთავრობაში ყოფნა მოუწევს.
მანჯგალაძის თქმით, კოალიციას არჩევნებამდე გააკეთებ თუ არჩევნების შემდეგ, ეს საარჩევნო ტაქტიკის საკითხია.
“რაც შეეხება ოპოზიციის გაერთიანების საკითხს, ახლა - არჩევნებამდე 14 თვით ადრე ერთიან საარჩევნო სიებში ჩაწერის საკითხი ნაღდად არ დგას. ახლა რაზეც ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს და კოორდინაცია ჰქონდეს, ეს არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, “ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების ამოცანა და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. კოორდინაცია აი, ამ საკითხებზე უნდა იყოს.
არ მოვატყუოთ ამომრჩეველი! 5%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში დიდია რისკი იმისა, “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, საარჩევნო ბარიერი ვინმემ დამაჯერებლად გადალახოს. ეს იმიტომ, რომ არის არა იდეების კონკურენცია, არამედ ფინანსების და ადამიანური რესურსის კონკურენცია. იმისთვის, რომ ოპოზიციისთვის მიცემული ხმა მანდატებში გარდაისახოს და ეს ხმა “ქოცმა“ არ წაიღოს, კოორდინაცია და პარტიების გამსხვილება არის საჭირო.
პარტიები უნდა გამსხვილდეს, რათა გადაუნაწილებელი მანდატები ანუ “ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიცემული ხმა, “ქართულმა ოცნებასთან“ არ მოხვდეს“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.