თეონა აქუბარდია - ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ვითარებაში, „ქართული ოცნება“ სახიფათო მოცემულობას ქმნის, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის შექმნაში გამოიხატება - სტოკჰოლმში განხილული იქნება ანტიდასავლური რიტორიკაც

ვფიქრობ, სტოკჰოლმში განხილული იქნება ის ანტიდასავლური რიტორიკაც, რომელსაც კრემლის სახელმძღვანელოს სტილში ახორციელებს „ქართული ოცნება“ დასავლეთის წინააღმდეგ, ხოლო მეორე ხელით სთხოვს სტატუსს ევროკავშირს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბრიუსელსა და სტოკჰოლმში დაგეგმილ შეხვედრებს, სადაც ევროკომისია ევროკავშირის ელჩებსა და ევროპის საქმეთა მინისტრებს საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების საკითხზე მოხსენებას წარუდგენს.

აქუბარდიას თქმით, ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ვითარებაში, "ქართული ოცნება" სახიფათო მოცემულობას ქმნის მისი ნაბიჯებით, რომელიც თავდასხმებსა და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის შექმნაში გამოიხატება.

"სტოკჰოლმში იქნება უმნიშვნელოვანესი არაფორმალური შეხვედრა, სადაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა და ეს იქნება დახურულ კარს მიღმა. როცა 12 რეკომენდაცია არასრულფასოვნად არის შესრულებული და ამას ამბობენ ევროკავშირის წამყვანი პირები, როცა ევროკავშირის ელჩი, მას შემდეგ, რაც თავდასხმა მოხდა ახალგაზრდებზე, პოლიტიკურ ლიდერზე და სტუდენტებზე, გვეუბნება, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოდან იქნას გაგზავნილი პოზიტიური გზავნილები, ამ მოცემულობაში, საკმაოდ სახიფათო ვითარება შექმნა "ქართულმა ოცნებამ", რასაც მათი ანტიდასავლური გზავნილები ემატება. მიუხედავად ჩემი სურვილისა, საქართველოს მოქალაქეების სურვილისა, ის, რასაც "ქართული ოცნება" ახორციელებს, რეკომენდაციების არასრულფასოვნად შესრულებით, ანტიდასავლური გზავნილებით, თავდასხმებითა და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის შექმნით, არის დამაბრკოლებელი ნაბიჯები კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე. ამ შეხვედრაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული და ვფიქრობ, განხილული იქნება არამხოლოდ რეკომენდაციების შესრულების პროცესი, არამედ ის ანტიდასავლური რიტორიკა, რომელსაც კრემლის სახელმძღვანელოს სტილში ახორციელებს "ქართული ოცნება" დასავლეთის წინააღმდეგ და მეორე ხელით სთხოვს სტატუსს ევროკავშირს," - განაცხადა აქუბარდიამ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა