ირაკლი კობახიძე - თუ სალომე ზურაბიშვილი გვარამიას შეიწყალებს, გამოდის, რომ გვარამიას შეფასებას მის მიმართ ეთანხმება - დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება

თუ სალომე ზურაბიშვილი გვარამიას შეიწყალებს, გამოდის, რომ გვარამიას შეფასებას მის მიმართ ეთანხმება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძე იმედოვნებს, რომ „წითელი ხაზები არ გადაიკვეთება“.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გახსოვთ, თავის დროზე როგორ მოიხსენიებდა გვარამია სალომე ზურაბიშვილს, როცა ის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. ერთი სიტყვა შემიძლია გავიხსენო, მეორეს უბრალოდ არ გვიხსენებ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. მას უწოდებდა რეზიდენტს. თუ სალომე ზურაბიშვილი გვარამიას შეიწყალებს, გამოდის, რომ გვარამიას შეფასებას მის მიმართ ეთანხმება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება. როგორც ჩანს, პრეზიდენტს გარკვეული წითელი ხაზები აქვს, რაც ძალიან კარგია და იმედია, რომ ეს წითელი ხაზები არ გადაიკვეთება", - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ უპასუხა დასმულ შეკითხვას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმად, ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და საჩივარი დაუშვებლად ცნო.

მისი თქმით, ყველამ იცის იმ დანაშაულის შესახებ, რომელიც ნიკა გვარამიამ ჩაიდინა, რაც სასამართლოს მიერ დადასტურდა.

"სხვათა შორის, თავის დროზე, კამპანიაში ჩართული იყვნენ იგივე ადამიანები, რომელმაც გვარამიას ამ დანაშაულის ჩადენის საშუალება მისცეს. გახსოვთ, მაშინ მთელი კამპანია იყო, სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. ხოლო, მაშინდელმა პრეზიდენტმა, მაშინდელმა სახალხო დამცველმა, ყველა ამ ოპოზიციურმა პარტიამ, NGO-ებმა და ა.შ. მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს იმისთვის, რომ შეჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და დაახლოებით ორ წლით, ამ გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდა. სწორედ ამ შეჩერებამ მისცა გვარამიას დანაშაული ჩადენის საშუალება. ის, რეალურად თავს დაესხა დამოუკიდებელ მედიას, რომელიც მოგვიანებით კანონიერი მფლობელისთვის ჰქონდა გადასაცემი. მან იცოდა, რომ სტრასბურგი აუცილებლად გაჰყვებოდა იმ საქმეს, რომელიც უზენაესმა სასამართლომ განხილა. მიზეზი იყო მარტივი, რეალურად, თავის დროზე უზენაესმა სასამართლომ მარტივი ჭეშმარიტება დაადგინა, რომ კანონიერ მფლობელს „რუსთავი 2“ წაართვეს და იგივე გაიმეორა სტრასბურგის სასამართლომ. გვარამიამ იცოდა, რომ კანონიერი მფლობელისთვის მას „რუსთავი 2“ გადასაცემი ექნებოდა, ისარგებლა ორწლიანი შეჩერების პერიოდით და სწორედ ამ ორ წელიწადში ტელეკომპანია 7 მლნ ლარით გაძარცვა. შესაბამისად, ამ დანაშაულზე გვარამიასთან ერთად პასუხისმგებელი არიან მაშინდელი პრეზიდენტი, მაშინდელი სახალხო დამცველი, ოპოზიციური პარტიები, NGO-ები და მათი უცხოელი პატრონები, მათ შორის ის ევროპარლამენტარები, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებით სხვანაირი ფორმით დღესაც საუბრობენ“, -განაცხადა კობახიძემ.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით