ჩემთვის მთავარია, რომ მომავალში აღარ განმეორდეს პოლარიზაციის მხარდაჭერა, პოლარიზაციის დაფინანსება, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მიმართავს, "რატომ აფინანსებს ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ, აგრესიულ ლიბერალ-ფაშისტურ ორგანიზაციებს და აღვივებს პოლარიზაციას".
ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ მომავალში არ მოხდება პოლარიზაციის დაფინანსება, შეურაცხმყოფელი განცხადებების და ბილწსიტყვაობის წახალისება.
„მე ამ თემაში არ მინდა შესვლა, მათ შორის იმის გამო, რომ ელჩი მალე შეიცვლება. აღარ მინდა წარსულზე საუბარი. ჩემთვის მთავარია, რომ მომავალში აღარ განმეორდეს პოლარიზაციის მხარდაჭერა, პოლარიზაციის დაფინანსება, ჩვენ ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული და არა იმ ელჩის შეფასებაზე, რომელიც უკვე თავის თანამდებობას ტოვებს. წინ უნდა გავიხედოთ და იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ მომავალში არ მოხდება პოლარიზაციის დაფინანსება, შეურაცხმყოფელი განცხადებების, ბილწსიტყვაობის წახალისება. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ელჩი სხვანაირად იმოქმედებს. ახალი ელჩის კუთხით ჩვენ ეს იმედი უნდა გვქონდეს“,-განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს და საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს პოლარიზაციის გაღვივებაში ადანაშაულებს.
„გვინდა დავუსვათ კითხვა კელი დეგნანს: რატომ არ ასვენებთ ამ ქვეყანას? რატომ აფინანსებთ ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ და აგრესიულ ლიბერალ-ფაშისტურ ორგანიზაციებს? რატომ აფინანსებთ და აღვივებთ პოლარიზაციას?- იმედია, ახალი ელჩი მაინც გაუწევს ანგარიშს ქართული საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და შეწყდება ლიბერალ-ფაშისტური რევოლუციის დაფინანსება“,-აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.