ეს არის სასამართლოს თემა, სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს ფაქტებზე დაყრდნობით, მე რა გიპასუხოთ? არ ვიცი - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეეხებოდა, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
მისივე თქმით, ნიკა გვარამიას საკითხი მისი თემა არაა და საკითხს არ იცნობს.
„სასამართლოს გადაწყვეტილებაზე რატომ მისვამთ შეკითხვას? მე რომ გავაკეთო კომენტარი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მგონი, არასწორია. არ ვიცი, რატომ უნდა დაეკმაყოფილებინა ან... არ ვიცი, დეტალებში როგორ შემოგყვეთ, როდესაც არ ვიცნობ თემას და არ არის ჩემი საკითხი. ეს არის სასამართლოს თემა, სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს ფაქტებზე დაყრდნობით, მე რა გიპასუხოთ? არ ვიცი“, - განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს მმართველ გუნდს, შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას სალომე ზურაბიშვილი, კახა კალაძემ უპასუხა, რომ არ იცის.
„ვერ გეტყვით, არ ვიცი“,- განაცხადა კალაძემ.