დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისი მოადგილეების გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან დაბარების მიუხედავად საკრებულოს სხდომაზე არ მივიდნენ, სწორია.
კალაძის თქმით, „თბილისის მერია ამ უნიჭო შოუებში მონაწილეობას არ აპირებს“.
მისი განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს და თუ საჭირო გახდება, მერიის თანამშრომლები კითხვებს პასუხს გასცემენ.
„სწორი უქნიათ, თუ არ მივიდნენ, მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიების ფარგლებში თუ რაიმე კითხვა არსებობს, პასუხი გაეცემა. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საკითხით მანიპულირებას ცდილობენ, საერთოდ არ აინტერესებთ ადამიანების ბედი, ადამიანების ჯანმრთელობა. მათი მთავარი მიზანია, როგორმე რაღაც მოაწყონ, შოუ გააკეთონ. ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ. მიმდინარეობს გამოძიება, თუ საჭირო გახდება, რომ ვინმე დაიკითხოს და ვინმემ კითხვებზე პასუხი გასცეს, ამისთვის ჩვენი ნებისმიერი თანამშრომელი მზადაა. ამ უნიჭო შოუებში მონაწილეობას თბილისის მერია არ აპირებს“, - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, ფრაქციის სხდომაზე დაბარებული ჰყავდათ თბილისის მერის მოადგილეები, ირაკლი ხმალაძე და ირაკლი ბენდელიანი, თუმცა ისინი სხდომაზე არ მივიდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის" და თბილისის საკრებულოს წევრის, გიორგი ონიანის განცხადებით, ის, რომ დაბარების მიუხედავად თბილისის მერის მოადგილეები ფრაქციის სხდომაზე არ გამოჩენილან, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა და ამის საპასუხოდ, ისინი მთავარ პროკურორს, სახელმწიფო ინსპექტორსა და სახალხო დამცველს დღეს განცხადებით მიმართავენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.