„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ედისონ რისერჩის“ კვლევას „ფეიკს“ უწოდებს და ამბობს, რომ კვლევის შედეგები „აბსოლუტური ტყუილია“.
კითხვაზე, რომ კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 61% მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ნიკა გვარამია უნდა შეიწყალოს, 57%-ის აზრით კი სააკაშვილი, კობახიძე ამბობს, რომ „ედისონ რისერჩი“ დავით კეზერაშვილისგან „სისხლიან ფულს“ იღებს და ამიტომ მას „ობიექტური ინტერესები არ ამოძრავებს“.
„ფეიკებზე“ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ გვაქვს კვლევის შედეგები და რადიკალურად აცდენილია იმასთან, რადაც „ედისონი“ ავრცელებს. ვიცით, რომ „ედისონი“ მიკერძოებულია, „ფორმულასთან“ თანამშრომლობდა, მასაც აქვს აღებული სისხლიანი ფული კეზერაშვილისგან, პენსიონერების ნაძარცვი ფული აქვს აღებული. როდესაც სისხლიან, ნაძარცვ ფულს იღებ და ამით ატარებ კვლევას, უკვე ნათელია, რა გამოძრავებს - არ გამოძრავებს ობიექტური ინტერესები და ეს აისახება კვლევის შედეგებზე. ამიტომ „ედისონის“ კვლევას ვერანაირი ფასი ვერ ექნება ჩვენთვის.
ერთადერთი არჩევნები იყო, სადაც ახლოს მივიდა [„ედისონ რისერჩის“ კვლევა შედეგებთან], თუმცა ეს არ არის საფუძველი, რომ მას სხვა შემთხვევაში არაობიექტური მონაცემები მოვუწონოთ. ისიც ერიდება ხოლმე და არასდროს დაუდია ალოკაცია, რადგან უნდა დაეტოვებინა მანიპულაციისთვის სივრცე. ყველა შემთხვევაში მანიპულირებდა „ედისონ რისერჩი“ და აქაც, როდესაც სისხლიან, ნაძარცვ ფულს იღებ კეზერაშვილისგან, იქ მანიპულაციაცაა მოსალოდნელი და ყველაფერი. ციფრები, რაც „ედისონის“ მიერ ითქვა, აბსოლუტური ტყუილია. ის, რომ 61% გვარამიას შეწყალებას ითხოვს, უბრალოდ ტყუილია," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კითხვაზე, რომ კვლევის თანახმად, „გამოკითხულა უმრავლესობა ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისს არ აკეთებს“, კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ „12 პუნქტის შესრულების ნაწილში თითოეულ პუნქტთან მიმართებით პირნათლად იმოქმედა“.
„ედისონ რისერჩი“ შეიძლება სხვა რაღაცებს ფიქრობდა, მაგრამ საბოლოოდ, არჩევნებზე სხვა შედეგი დგებოდა ხოლმე. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად კეთდება საკმარისი, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ფაქტები, 12 პუნქტის შესრულების ნაწილში თითოეულ პუნქტთან მიმართებით პირნათლად ვიმოქმედეთ. ეს არის ფაქტები და ამ ფაქტებთან დაკავშირებით საზოგადოება არის ინფორმირებული. რა თქმა უნდა, საზოგადოების ინფორმირება გაგრძელდება“, - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „ფორმულამ“ „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგების გამოქვეყნება დააანონსა. მონაცემები ოფიციალურად ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა მედიაში გარკვეულ კითხვაზე პასუხები უკვე გავრცელდა.