„ქართული ოცნების“ ამოცანაა, ეროვნული ბანკი მორჩილმა პრეზიდენტმა მართოს - ეროვნული ბანკის თითოეული წევრი, რომელიც მურუსიძეობას იკისრებს და ეროვნული ბანკის საბჭოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მსგავსს ყურმოჭრილ ორგანიზაციად გახდის, ამაზე პასუხს აგებს, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა რომან გოცირიძემ გააკეთა.
გოცირიძის თქმით, მას შემდეგ, რაც "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს ხელი მოეწერა, ხელისუფლების მიზანი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციიდან არჩილ მესტვირიშვილის გადაყენება და ხელისუფლებისათვის სასურველი კანდიდატის დანიშვნაა.
გოცირიძე იმასაც აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, პრეზიდენტ ზურაბიშვილს საბჭოს წევრებად პარლამენტისთვის ძლიერი კანდიდატები უნდა წარედგინა, რაც მისი მხრიდან სწორი ნაბიჯი იქნებოდა და რასაც საზოგადოებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერა ექნებოდა.
„ჩვენ სალომე ზურაბიშვილისგან ეროვნული ბანკის საბჭოში ისეთი ძლიერი, კონკურენტუნარიანი კანდიდატების წარმოდგენას ველოდით, როცა "ქართულ ოცნებას" სალაპარაკო აღარ ექნებოდა.
სამწუხაროდ, ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებში პირადად მე ეროვნული ბანკის მომავალ პრეზიდენტს ვერ ვხედავ. მათ პროფესიონალიზმის თვალსაზრისით არაფერი დაეწუნებათ და საბჭოს რიგით წევრებად წარდგენა აბსოლუტურად ნორმალური და ლოგიკური იქნებოდა.
მოცემულ შემთხვევაში, როცა ეროვნული ბანკის საბჭოში არის შვიდი წევრი და ასარჩევია ორი ახალი წევრი, პარლამენტის მიერ მათი არჩევის შემთხვევაშიც ვიღებთ რეალობას, როცა ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი არ არსებობს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა აკმაყოფილებდეს არა მხოლოდ ისეთ მოთხოვნებს როგორიცაა პროფესიონალიზმი და წესიერება, არამედ უნდა იყოს ძლიერი პიროვნება, განსაკუთრებით მაშინ როცა არაფორმალური მმართველობის პირობებში მასზე ზეწოლისა და ზემოქმედების რისკები არსებობს.
კონკურსი დახურულად, გაუმჭვირვალედ ჩატარდა - 18 კანდიდატში ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი პირადად მე ვერ დავინახე. პრეზიდენტი არ უნდა აჩქარებულიყო - მას პაუზა უნდა აეღო და გაეგრძელებინა ძებნა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. მისმა აჩქარებამ გამოიწვია შედეგი, რასაც ახლა ვხედავთ", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოში არსებულ ორ ვაკანტურ პოსტზე ასარჩევად პარლამენტს გიორგი ბაქრაძის და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარუდგინა.
„ქართული ოცნების" უმრავლესობა მათ მხარდაჭერას არ აპირებს.