მთავარ ოპოზიციურ პარტიას - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" თავის ამოცანებიდან გამომდინარე, ყველა პარტიასთან თანამშრომლობის სურვილი აქვს, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ბეჟაშვილის ინფორმაციით, ამ თემაზე კონკრეტული კონსულტაციები არ მიმდინარეობს, თუმცა, მისივე თქმით, კონსულტაციები არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაიწყება და პროცესი ამ მიმართულებით დაიძრება.
ბეჟაშვილი ასევე აცხადებს, რომ მაქსიმალურად შეეცდებიან სხვა ოპოზიციური გაერთიანებების წახალისებას, რათა დამატებითი პოლიტიკური ცენტრები შეიქმნას, რომელსაც ელექტორატში მიზიდულობის ძალა ექნება.
"ყველა კვლევით და საარჩევნო შედეგებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არის მთავარი ოპოზიციური პარტია და მთავარი ევროპული პარტია. ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩვენ სხვა პოლიტიკური და საარჩევნო ამოცანები გვაქვს, ვიდრე 2-3%-იან პარტიებს.
ჩვენი მიზანია "ქართული ოცნების", იგივე რუსული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორება. ბუნებრივია, ამ საქმეში ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ვითანამშრომლებთ.
საუბარი შეიძლება იყოს არა დიდ გაერთიანებასა და ამ გაერთიანების ინსტიტუციონალიზაციაზე, არამედ კონკრეტულ სტრატეგიასა და გეგმებს.
რთულია არჩევნებმადე ერთი წლით ადრე იმაზე საუბარი, თუ როგორი განწყობები და გაერთიანებები იქნება, თუმცა ბუნებრივია, რომ მთავარ ოპოზიციურ პარტიას - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" თავის ამოცანებიდან გამომდინარე ყველა პარტიასთან თანამშრომლობის სურვილი აქვს", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.