ჯამში, ოპოზიცია უგებს „რუსულ ოცნებას“ - კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ოცნების“ დამარცხებაში „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე დიდ წვლილს შეიტანს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა, რითაც „ედისონ რისერჩის" კვლევებს გამოეხმაურა.
რაც შეეხება ამ სურათის გათვალისწინებით ოპოზიციის სტრატეგიას, წითლიძე ამბობს, რომ პოლიტიკურ ველზე მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია და რაც მეტი პარტია იქნება, უკეთესია.
მისივე თქმით, ერთიანობა, რაზეც „ნაციონალურ მოძრაობის“ ლიდერები საუბრობენ, არ გულისხმობს პარტიულ გაერთიანებას, არამედ კოორდინაციას მნიშვნელოვან საკითხებზე.
„კვლევამ აჩვენა, რომ „რუსული ოცნება“ არ არსებობს და დამარცხებულია, რადგან ჯამში ოპოზიცია უგებს რუსულ ოცნებას და მან იცის, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში, მას შანსი არ აქვს, დარჩეს ხელისუფლებაში. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობის“ პროცენტებს, ჩვენ, ცხადია, კმაყოფილი არასოდეს ვართ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის პროცენტები, მნიშვნელოვანია შევძლოთ „რუსული ოცნების“ დამარცხება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მითქმა- მოთქმა იყო შიდა პროცესებზე, რომ თითქოს, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ოპოზიციური პარტია, რომელიც ყველაზე დიდ წვლილს შეიტანს „ოცნების“ დამარცხებაში“, - განაცხადა წითლიძემ.
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, მას მოსდევს „ნაციონალური მოძრაობა“, პარტიული რეიტინგის თანახმად, მესამე ადგილზეა პარტია „საქართველოსთვის“. გამოკითხვის შედეგები ასე ნაწილდება:„ქართული ოცნება“ - 37%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 25, „საქართველოსთვის“ - 6%, „ლეიბორისტული პარტია“ - 5%, „ლელო“ - 4%, „გირჩი - მეტი თავისუფლება (ზურაბ ჯაფარიძე)“ - 4%, „ხალხისთვის“ (ანა დოლიძე) - 3%, „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3%, გირჩი“ (იაგო ხვიჩია) - 3%, „დროა“ - 2, „ალტ ინფო“ - 2%, „მოქალაქეები” - 2, „ხალხის ძალა“ - 2%, „ევროპული საქართველო“ - 1%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 1%. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.